„30 ათას დოლარიც გადაგვიხდია“ - ფიფიამ გაამხილა, რა ოდენობის ხელფასებს უხდიდა „დინამო“ ლეგიონერებს
„30 ათას დოლარიც გადაგვიხდია“ - ფიფიამ გაამხილა, რა ოდენობის ხელფასებს უხდიდა „დინამო“ ლეგიონერებს
„დინამო არენას“ მედია დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე, თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბში ლეგიონერების დამატებაზე ილაპარაკა და არ დამალა, რომ აქამდე ჩამოყვანილთა უმრავლესობამ იმედები გაუცრუა.
 
„დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. აქ კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა პრობლემაა, რადგან ჩამოსვლა არ უნდათ. დიდი ხელფასის გადახდა არ ნიშნავს, რომ მაღალი დონისაა. უნდა ჩამოვიყვანოთ გამოცდილი ფეხბურთელი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ, ხელფასსა და ხარისხს შორის, რაც იოლი არაა. მაგრამ ვეცდებით, ამ ბალანსს როგორმე მივაღწიოთ“ – აცხადებს რომან ფიფია.
„დინამოს“ პრეზიდენტმა გაამხილა, კლუბის ყოფილ ლეგიონერებს რა ოდენობის ხელფასებს უხდიდა: „9 წელია დინამოში ვარ, ამ ხნის განმავლობაში 100-მდე ლეგიონერი ჩამოვიყვანეთ. მათ სხვადასხვა ანაზღაურება ჰქონდათ, 5 ათასიდან დაწყებული 30 ათასის ჩათვლით. საუკეთესო ჩისკო იყო, დანარჩენებმა კი როგორ ითამაშეს, თავადაც იცით. ეს გამართლებაზეცაა დამოკიდებული. გვინდა 4-5 ლეგიონერის ჩამოყვანა და ვნახოთ, რა გამოგვივა“.