30 აპრილი „ჯვაროსნების“ ისტორიაში - საქართველოს ნაკრებმა ამ დღეს რუსეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
30 აპრილი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი დღეა – 21 წლის წინ, 2003 წელს მალხაზ ასათიანის გოლით „ჯვაროსნებმა“ რუსეთი 1:0 დაამარცხეს.
ეს მატჩი 2002 წლის 12 ოქტომბერს დაიგეგმა და „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართა. პირველი ტაიმის ბოლოს შუქი ორჯერ გამოირთო და სტადიონის ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო ნორვეგიელმა არბიტრმა, ტომ ჰენინგ ოვრებომ მატჩი შეწყვიტა.
საქართველოსა და რუსეთის საფეხბურთო ორგანიზაციების პრეზიდენტებმა – მერაბ ჟორდანიამ და ვიაჩესლავ კოლოსკოვმა, უეფა-ს დელეგატთან, რუდოლფ ბატასთან ერთად, შეხვედრის გადადებაზე მოილაპარაკეს. თავიდან მატჩის ნეიტრალურ მოედანზე გამართვაზე იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ უეფა-მ ხელახალი შეხვედრის თარიღად 2003 წლის 30 აპრილი დაამტკიცა.
წამოიჭრა კიდევ ერთი პრობლემა: „ჯვაროსნებმა“ თბილისში ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლეს. თამაშის დროს ტრიბუნიდან სტუმართა გუნდის ერთ-ერთ მოთამაშეს დანა ესროლეს და, უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის დადგენილებით, რუსეთთან გადადებულ მატჩზე გულშემატკივრები არ უნდა დაეშვათ. საბოლოოდ, 25 აპრილს უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართვა და მატჩზე დასწრების უფლება 11 ათას მაყურებელს მისცა.
ხორვატი სპეციალისტის, ივო შუშაკის ხელმძღვანელობით ნაკრების ფეხბურთელებმა ისე მოინდომეს, იმ დღეს რუსეთზე ბევრად ძლიერ მეტოქესაც დაამარცხებდნენ. ქართველებმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს. მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი გიორგი დემეტრაძემ ჩააწოდა და გამარჯვების გოლი თავური დარტყმით მალხაზ ასათიანმა გაიტანა, რომელმაც ამ დღეს ნაკრებში ოფიციალური მატჩი პირველად ჩაატარა.
გამარჯვება იმდენად ფასეული იყო, რომ თამაშის შემდეგ ათასობით ადამიანი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა, ხოლო თბილისის „დინამოს“ მეპატრონემ, ბადრი პატარკაციშვილმა გუნდის წევრებს პრემიად 100 ათასი ლარი გადასცა.
ევრო 2004 | საკვალიფიკაციო ეტაპი
საქართველო – რუსეთი 1:0
30 აპრილი, 2003. თბილისი – მიხეილ მესხი. 11 000 მაყურებელი
გოლი: 1:0 მალხაზ ასათიანი (12. გიორგი დემეტრაძის პასით)
საქართველო: გიორგი ლომაია, ოთარ ხიზანეიშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე, დათო კვირკველია (15. გივი დიდავა), მალხაზ ასათიანი, გიორგი ნემსაძე (კაპიტანი), ლევან ცქიტიშვილი, ლადო ბურდული (81. გიორგი შაშიაშვილი), მიხეილ აშვეთია (84. რატი ალექსიძე), გიორგი დემეტრაძე
სათადარიგოები: დავით გვარამაძე, ალეკო ამისულაშვილი, ვიტალი დარასელია, ალექსანდრე იაშვილი.