3 მილიონი ქართული ფეხბურთიდან - ყველაზე მეტი თანხა თბილისის „დინამომ“ გამოიმუშავა
3 მილიონი ქართული ფეხბურთიდან - ყველაზე მეტი თანხა თბილისის „დინამომ“ გამოიმუშავა

2019 წელს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისგან ყველაზე მეტი შემოსავალი თბილისის „დინამომ“ მიიღო – ინფორმაციას ფონდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის ზაფხულიდან 2019 წლის ივნისამდე კლუბებზე გაცემულ თანხებზე დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. ეროვნული ლიგის ყველა კლუბს ფონდი საბაზისო დაფინანსების სახით 800,000 ლარს ურიცხავს. წარმატებულმა კლუბებმა ამას პრემიებიც დაამატეს.

ეროვნულ ლიგაში მოგებაზე გუნდი იღებს 20,000 ლარს, ფრეზე – 6,500 ლარს, დავით ყიფიანსი სახელობის საქართველოს თასზე1/16-ფინალის შემდეგ გადალახულ თითოეულ ეტაპზე -10,000 ლარს. თბილისის „დინამომ“ 600,000 ლარი ეროვნულ ლიგაში გამარჯვებისთვის მიიღო, მეორე ადგილზე გასულმა ბათუმის „დინამომ“- 400,000 ლარი, მესამე ადგილოსანმა „საბურთალომ“ – 200,000 ლარი. ამას გარდა, „საბურთალოს“ 200,000 ლარი საქართველოს თასზე გამარჯვებისთვის დაერიცხა, „ლოკომოტივს“ 50,000 – თასის ფინალში გასვლისთვის, ხოლო ქუთაისის „ტორპედოს“ 50,000 ლარი – საქართველოს სუპერთასის მოპოვებისთვის.

თანხები დაირიცხა უეფადან, ასევე სტიმულირების ფონდიდან. ანუ გუნდს ყოველ მოზიდულ ინვესტიციაზე იგივე თანხას ფონდიც ურიცხავს. მაგრამ ეს თანხა შეზღუდულია – 2018 წლის სტიმულირების ჭერი 600,000 ლარი იყო, ხოლო 2019 წელს – 700,000 ლარი. აქაც ლიდერი თბილისის „დინამოა“, რომელმაც ამ ორი წლის მაჩვენებლებით 853,988 ლარი მიიღო. სულ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის შემოდგომიდან 2019 წლის ზაფხულამდე ეროვნული ლიგის გუნდებზე სტიმულირების ფონდიდან 5,4 მილიონი ლარი დარიცხა. საინტერესოა, რომ 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს სასპონსორო ხელშეკრულებების თანხები 3 მილიონით გაიზარდა და 4,2 მილიონს მიაღწია.

საერთო შემოსავლების ცხრილი ასე გამოიყურება:

1 დინამო თბ 3,062,988

2 საბურთალო 2,769,736

3 დინამო ბთ 2,246,036

4 ლოკომოტივი 2,106,000

5 ტორპედო 1,977,466

6 დილა 1,776,315

7 ჩიხურა 1,581,500

8 რუსთავი 1,371,363

9 სიონი 1,294,481

10 ვიტ ჯორჯია 942,640