28 ქულა და სუპერმატჩი - მამუკელაშვილი „ბოსტონთან“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ლას ვეგასში NBA-ის საზაფხულო ლიგა გრძელდება. სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „ბრუკლინ ნეტსთან“ გამარჯვების შემდეგ, „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 109-111 დამარცხდა.
მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო.
მან 31 წუთში 28 ქულის, 9 მოხსნის (4 შეტევაში), 2 პასის, 3 ჩაჭრისა და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო. სანდრომ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 14-დან 6 ორქულიანი, საჯარიმოს ხაზთან კი 10-ჯერ დადგა და ბურთი კალათში 7-ჯერ მოათავსა. ის მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი. ქართველ კალათბურთელს თავისი გუნდის მხრიდან საუკეთესო +/- მაჩვენებელი ჰქონდა.
სანდრო მამუკელაშვილს ამ შეხვედრაში არაერთი კარგი ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ გამორჩეული მაინც მატჩის მიწურულს შესრულებული ჩატენვა იყო, რომელმაც გულშემატკივრებისა და კომენტატორების ოვაციები გამოიწვია.
რაც შეეხება შეხვედრას, პირველი ტაიმი „ბოსტონმა“ 8 ქულით მოიგო, მესამე მეოთხედში „ბაქსი“ წინ 3 ქულით გავიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში 5 ქულით დამარცხდნენ.
შემდეგ შეხვედრას სანდროს გუნდი 14 ივლისს „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.