26 ნოემბერს, „დინამო-არენაზე“ - ეროვნული ლიგის ''დიდი ფინალი'' პირველ არხზე
26 ნოემბერს, „დინამო-არენაზე“ - ეროვნული ლიგის ''დიდი ფინალი'' პირველ არხზე

25-26 ნოემბერს ეროვნული ლიგაში ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართება და სეზონი დასრულდება. დღეს, პირველი შეხვედრა “ეროსი მანჯგალაძეზე” გაიმართა – “სამტრედია” გორის “დილასთან” მხოლოდ ფრეს დასჯერდა 2:2.

სატურნირო თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია ბათუმსა და სამტრედიაში 26 ნოემბერს გასამართი შეხვედრები: ბათუმის „რაგბი არენაზე“ „დინამო“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში სატურნირო მოტივაცია კი მხოლოდ სტუმრებს გააჩნიათ – ლიგაში დასარჩენად დინამოელები გადათამაშებაში იასპარეზებენ, ფოთელები კი კონკურენტ ქობულეთის „შუქურას“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებენ, ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრებათ და გადათამაშებაში მოსახვედრად 3 ქულა სჭირდებათ.

სამტრედიაში ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდება. ქობულეთელებს გადათამაშებაში მოსახვედრად მხოლოდ საკუთარი მოგება არ ჰყოფნით, ფოთის „კოლხეთმაც“ უნდა წააგოს.

საჩხერის „ჩიხურა“ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას 26 ნოემბერს „დინამო არენა“ უმასპინძლებს. თბილისის „დინამო“ ყველაზე პრინციპულ მეტოქეს, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება – ქვეყნის ჩემპიონს სწორედ ქართული ელ კლასიკო გამოავლენს.

დინამოელები 75 ქულით პირველ ადგილზე არიან, ქუთაისელები კი, 73-ით მეორეზე და ორივეს ჩემპიონობის შესანიშნავი შანსი აქვს. „დინამომ“ მიმდინარე სეზონში „ტორპედოს“ სამი შეხვედრიდან ორი მოუგო, ერთიც ფრედ დასრულდა. ჩემპიონობისთვის თბილისელებს ფრეც ჰყოფნით, იმერლებს კი – მხოლოდ უპირობო გამარჯვება.

მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. ყველაზე პრინციპული ქართული მეტოქეები საჩემპიონო შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას მეორე არხი შემოგთავაზებთ.