24 ქულა და 26-ე მოგება - შერმადინი „გიპუსკოასთანაც“ საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სან სებასტიანის „გიპუსკოას“ უმასპინძლა და 98:69 გაიმარჯვა.
ბასკებს არ აღმოაჩნდათ ტანმაღალი კალათბურთელი, რომელიც ქართველ ცენტრს შეაჩერებდა. გიორგის კარგი თამაშის წყალობით „ტენერიფე“ მეოთხე პერიოდის წინ 75:57 დაწინაურდა. იმ მომენტისთვის შერმადინის ანგარიშზე 22 ქულა იყო.
მისი საბოლოო მონაგარი ასე გამოიყურება: 25 წუთი, 24 ქულა (12-დან 10 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, სარგებლიანობა – 36.
„ტენერიფეს“ ვიცე-ბომბარდირი გამთამაშებელი ფიტიპალდო გახდა, რომელმაც 13 ქულას 7 პასი მიამატა.
კუნძულელებს 26 მატჩი აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან. ჩამორჩებიან მხოლოდ „რეალსა“ და „ბარსელონას“. შერმადინის თანაგუნდელები უახლოეს მატჩს 2 მაისს ესპანეთის ჩემპიონატში „ფუენლაბრადას“ წინააღმდეგ გამართავენ.