23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ნახევარფინალში იჭიდავებს #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე 23 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღეს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში წინასწარი ეტაპის შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), აივენგო რიკაძე (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) გამოვიდნენ, რომელთაგანაც ხეცურიანი, რიკაძე და ფრიდონ აბულაძე ნახევარფინალში იჭიდავებენ.
ფინალში გასასვლელად ქართველები ირანელ მოჭიდავეებს დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური შეხვედრები ბელგრადში 19:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე ფინალურ ბლოკში დღეს ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში იგი თურქ აჰმეთ იარს დაუპირისპირდება. თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და ნიკოლოზ ჭიკაიძე (77კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.