22-წლიანი თავგადასავალის შემდეგ - გრიგოლ დოლიძემ კარიერა დაასრულა #1TVSPORT
გრიგოლ (ირაკლი) დოლიძემ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, – ინფორმაციას წყალტუბოს „სამგურალი“ ავრცელებს, სადაც დოლიძე სამი წელი თამაშობდა.
„დოლა „სამგურალის“ ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში იცავდა. მადლობა დოლას ბრწყინვალე საფეხბურთო კარიერისთვის და წყალტუბოს „სამგურალში“ გატარებული თითოეული წუთისთვის. გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ მომავალს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
დოლიძემ „სამგურალის“ მაისურით 68 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ორჯერ გახდა დავით ყიფიანის სახელობის თასის ვერცხლის მედალოსანი და 2020 წელს კლუბთან ერთად მოიპოვა ეროვნული ლიგის საგზური.
გრიგოლ დოლიძემ 2000 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ დაწყებული საფეხბურთო კარიერა 22 წელი გააგრძელა, რაც იშვიათი შემთხვევაა. სულ 14 გუნდში ითამაშა. რამდენიმე კლუბის ფორმით საქართველოს სამივე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი გახდა – ქვეყნის ჩემპიონი, თასის (ოთხგზის) მფლობელი და სუპერთასის (ოთხგზის) გამარჯვებული. იყო „ზესტაფონის“, გორის „დილას“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთი ლიდერი. ყველაზე გამორჩეული პერიოდი თბილისის „ამერში“ გაატარა, საიდანაც საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს, რომლის წევრიც 2007-2008 წლებში იყო და „ჯვაროსნებში“ სამი მატჩი ითამაშა.