შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა - 37 სარგებლიანობა და გამარჯვება „ბარსელონასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში „ბარსელონას“ უმასპინძლა და 80:68 დაამარცხა.
ამ მოგებაში დიდი წვლილი მიუძღვის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელ გიორგი შერმადინს, რომალსაც მეტად ეფექტური სტატისტიკა ჰქონდა: 27 წუთი, 21 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება, 4 ჩაჭრა, მარგი ქმედების კოეფიციენტი – 37. გიომ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
ესპანური ლიგის ოფიციალურმა საიტმა ცალკე სტატია მიუძღვნა შერმადინის 37 სარგებლიანობას – ეს ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში საუკეთესო მაჩვენებელია. მანამდე 35-ქულიანი სარგებლიანობა 1987 წელს „გრანადას“ კალათბურთელს ედი ფილიპსს ჰქონდა.
მისი მაღალი შედეგიანობა დასაფასებელია იმიტომაც, რომ NBA-ის ყოფილი ვარსკვლავის, პაუ გასოლის წინააღმდეგ უწევდა თამაში.
გიორგის პასებით ამარაგებდა მარსელინიო უერტასი, რომელიც ასევე შეუჩერებელი იყო: 26 ქულა, 11 პასი.
ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია ორ მოგებამდეა. „ტენერიფემ“ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ფინალისტის ვინაობა გადამწყვეტ მატჩში, 11 ივნისს ღამის 12 საათზე ბარსელონაში გაირკვევა.