2026 წლის ნობელის პრემია ქიმიაში გადაეცა ორ მეცნიერს სარკისებურ მოლეკულათა საიდუმლოს ამოხსნისთვის — #1tvმეცნიერება
შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, 2026 წლის ნობელის პრემია ქიმიაში ორ მეცნიერს გადაეცემა — პარიზი-სამხრეთის უნივერსიტეტის ქიმიკოს ანრი კაგანს და ტოკიოს მეცნიერებათა უნივერსიტეტის ქიმიკოს კენსო სოაის „ასიმეტრიულ ორგანულ სინთეზში არაწრფივი ეფექტებისა და ავტოკატალიზის აღმოჩენისთვის“.
ზოგიერთი მოლეკულა, როგორიცაა ამინომჟავები — ორი ვარიანტის სახით არსებობს, რომლებიც ერთმანეთის სარკისებური ანარეკლია. თუმცა, ცოცხალი ორგანიზმები მხოლოდ ერთ-ერთ ამ სარკისებურ ანარეკლს შეიცავენ. ქიმიკოსებისთვის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა გაურკვეველი, თუ როგორ შეიძლებოდა წარმოქმნილიყო ასეთი ქიმიური ასიმეტრია. ანრი კაგანს და კენსო სოაის 2026 წლის ნობელის პრემია ქიმიაში გადაეცემათ სწორედ ამ ამ თავსატეხის ამოხსნისთვის.
სიცოცხლის ქიმია არის ის, რასაც ქიმიკოსები „ჰომოქირალურს“ უწოდებენ — ტერმინი, რომელიც ბერძნული სიტყვებიდან („იგივე“ და „ხელი“) მომდინარეობს. ხელების მსგავსად, ყველა ამინომჟავა არსებობს ორი სარკისებური ვარიანტის სახით, მაგრამ მხოლოდ ერთი მათგანი გვხვდება ჩვენს უჯრედებში არსებულ ცილებში. მეორე ბუნებაში იშვიათად გვხვდება.
ქიმიკოსები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, თუ როგორ შეიძლება წარმოიშვას ჰომოქირალობა. როცა ექსპერიმენტები დაიწეს ქიმიური რეაქციებით, რომლებიც ორ სარკისებურ მოლეკულას წარმოქმნის, თავიანთ სინჯარებში ყოველთვის ორივეს თანაბარ წილს იღებდნენ. თუმცა, ქიმიკოსები ამ სარკისებური გამოსახულებიდან მხოლოდ ერთის შექმნას ცდილობდნენ, ვინაიდან ცოცხალ ორგანიზმებთან ურთიერთქმედი მოლეკულების — მაგალითად, ფარმაცევტულ პრეპარატებში გამოყენებულის — შექმნისას სასურველ ეფექტს მხოლოდ ერთი სარკისებური გამოსახულება იძლევა.

2026 წლის ნობელის პრემია ქიმიაში აღიარებს აღმოჩენებს, რომლებმაც ქიმიკოსებს საშუალება მისცა, წარემართათ ისეთი ქიმიური რეაქციები, რომლებსაც ჰომოქირალურობამდე მივყავართ.
„ანრი კაგანმა და კენსო სოაიმ შემოგვთავაზეს გამოსავალი საუკუნეზე მეტი ხნის ქიმიურ გამოცანაზე — როგორ შეიძლება სპონტანურად წარმოიშვას ჰომოქირალობა. მათ მიერ შემუშავებული ქიმიური რეაქციები შთამბეჭდავია“, — ამბობს ნობელის ქიმიის კომიტეტის თავმჯდომარე ჰაინერ ლინკე.
ანრი კაგანმა პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი 1986 წელს გადადგა, როცა აღმოაჩინა ქიმიურ რეაქციებზე მანიპულირების ახალი გზა. ამან მას საშუალება მისცა, შეექმნა ერთ-ერთი სარკისებური გამოსახულების იმაზე გაცილებით ჭარბი რაოდენობა, ვიდრე ეს მანამდე მიიჩნეოდა შესაძლებლად.
შემდეგი ნაბიჯი კენსო სოაიმ გადადგა. 1995 წელს, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუბლიკაციაში აღწერეს, თუ როგორ შეიმუშავა მან ისტორიაში პირველი ქიმიური რეაქცია, რომელსაც ჰომოქირალურობის პოტენციალი გააჩნდა. 2003 წელს მან საბოლოოდ მიაღწია წარმატებას. მან წარმოადგინა რეაქცია, რომლის დროსაც ორი შესაძლო სარკისებური გამოსახულებიდან მხოლოდ ერთი წარმოიქმნებოდა. თავად სიცოცხლის გარდა, ამ შედეგის მიღწევა მანამდე არავის შეეძლო.
ანრი კაგანისა და კენსო სოაის წყალობით, ჩვენ ახლა უკვე ვიცით, როგორ შეიძლება წარმოიშვას ჰომოქირალობა. მათი აღმოჩენები გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ ქიმიკოსებისთვის, რომლებიც ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებისთვის საჭირო რეაქციებს ქმნიან.
მომზადებულია nobelprize.org-ის მიხედვით.