2023 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები ირმა ხეცურიანი და რევაზ ჩიკოიძე გახდნენ - საინფორმაციო მხარდამჭერის პრიზი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცა #1TVSPORT
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი 20 წლისა გახდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება და საუკეთესო პარასპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა პარასპორტსმენი მაკა კვინჩია გახდა, საუკეთესო პარანაკრების ჯილდო საქართველოს პარატაეკვანდოს ეროვნულ ნაკრებს ერგო. საუკეთესო მწვრთნელად მალხაზ მესხი დასახელდა, ყველაზე პროგრესირებადი პარასპორტსმენი ლია ჩაჩიბაია, 2023 წლის ვეტერანი პარასპორტსმენები ნიკა თვაური და იაგო გორგოძე გახდნენ, სპეციალური პრიზი პარალიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დავით მაისურაძეს ერგო, საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი პარაძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე გახდა, პარასპორტსმენი ქალის ჯილდო კი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანს გადაეცა.
ღონისძიებაზე, ასევე, კომიტეტმა დააჯილდოვა მხარდამჭერები პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და კერძო კომპანიებში. ღონისძიება გაიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. საინფორმაციო მხარდამჭერის პრიზი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაეცა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, პარასპორტსმენები, მათ შორის, ISAF-ის მისიაში დაჭრილი სამხედროები, შშმ პირთა ორგანიზაციები, პარტნიორი სპორტული ფედერაციები და კერძო კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.