2023 წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენები - ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში ფურორი მოახდინა [ვიდეო] #1TVSPORT
2023 წელი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენებით იყო დატვირთული, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვარჩევთ.
წლის გოლი
ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველმა, ცოტნე ფაცაციამ ეროვნული ლიგის მატჩში „თელავს“ საკუთარი მოედნიდან გაუტანა – მსგავსი მანძილიდან ეროვნულ ლიგაში გოლი არ გასულა.
წლის ნახტომი
ფოთის „კოლხეთი 1913“-მა მოახერხა და ორი წლის განმავლობაში ლიგა 3-დან ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა – უძველესმა ქართულმა კლუბმა ეროვნულ ლიგაში ადგილი ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.
წლის მოგება
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში პორტუგალიასთან (2:0) გაიმარჯვა, რაც დიდი სენსაცია იყო.
ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში 2:1 სძლია ასევე პორტუგალიას, რომლითაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის 42-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
წლის ტრანსფერი
საქართველოს ჩემპიონატიდან გიორგი კვერნაძე სერია A-ს „ფროსინონეში“ გადავიდა. მსგავსი ტრანსფერებით ქართული ფეხბურთი განებივრებული არ ყოფილა.
წლის შეფასება
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერის პირობითი ღირებულებაც Transfermarkt-მა 85 მილიონი ევროდ შეაფასა.
მეკარის რეკორდი
გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევრო გახდა და პირველი ქართველი მეკარეა, რომლის საბაზრო ღირებულებაც Transfermarkt-მა ასე ძვირად დააფასა.
წლის ტურნირი
საქართველოში ახალგარდული ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. მსგავსი მასშტაბის შეჯიბრება ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ჩატარებულა.
წლის ბომბარდირი
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა, შედეგად, 23 წლის თავდამსხმელი ამსტერდამის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა.
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება
საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი ამხანაგურ მატჩში 8:0 დაამარცხა, რაც ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებაა.
მიქაუტაძის პოკერი
ტაილანდის ნაკრებთან მოგებულ (8:0) შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძემ ტაილანდის კარში ოთხი გოლი გაიტანა და „ჯვაროსნების“ ისტორიაში შევიდა, რადგან ერთ მატჩში ამდენი გოლი ჯერ არც ერთ ქართველ ფეხბურთელს არ გაუტანია.
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დასწრების რეკორდი
საქართველოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დასწრების ახალი რეკორდი დამყარდა. მეოთხედფინალში საქართველოს და ისრაელის 41-წლამდელების შეხვედრას 44,338 ადამიანი დაესწრო.
წლის მწვრთნელი
რამაზ სვანაძე, რომლის გაწვრთნილმა საქარველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „სიკვდილის ჯგუფიდან“ გააღწია და ტურნირის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. მისი გუნდი ახალ შესარჩევ ციკლში ლიდერებს შორისაა და ევრო 2025-ზე გასვლის რეალური შანსი გააჩნია.
წლის მთავარი მოვლენა
„ნაპოლის“ ქართველი მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ასისტენტი, სეზონის ახალგაზრდა მოთამაშე და ჩემპინთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა, წლის ბოლოს კი სერია A-ს საუკეთესო გოლის ჯილდოც მიიღო.