2023 წლის მსოფლიოს თასზე რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან ორი ნაკრები ავტომატურად იასპარეზებს
2023 წლის მსოფლიოს თასზე რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან ორი ნაკრები ავტომატურად იასპარეზებს

მსოფლიო რაგბიმ 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დეტალები გამოაქვეყნა. მისი გადაწყვეტილებით, მომდევნო მსოფლიოს თასზე რაგბი ევროპის გათამაშებიდან პირდაპირ საგზურს ორი ეროვნული ნაკრები 2021/2022 წლების შედეგების მიხედვით მიიღებს. აღნიშნული წესი ოთხი წლის წინ შეიცვალა და მსოფლიოს თასზე პირდაპირი წესით ერთი გუნდი გადიოდა.

მესამე ნაკრები კი საკვალიფიკაციო ეტაპში, რეპეშაჟში ჩაერთვება. უკვე ცნობილია ის 12 გუნდი, რომელიც 2023 წლის მსოფლიოს თასზე იაპონიაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით ითამაშებს (სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, ახალი ზელანდია, უელსი, იაპონია, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, შოტლანდია, იტალია, არგენტინა, ფიჯი) .

დარჩენილი რვა ადგილიდან, ორი ევროპას ერგება. ასევე ორ ავტომატურ საგზურს ამერიკა მიიღებს, მესამე კი რეპეშაჟში ჩაერთვება. თითო ადგილი ექნება აფრიკისა და ოკეანეთის გამარჯვებულებს. ოკეანეთის გამარჯვებული 2021 წელს, სამოასა და ტონგას შორის ორ შეხვედრაში გამოვლინდება. ამ წყვილში დამარცხებული გუნდი, საფრანგეთის საგზურისთვის ასევე შინ და გარეთ აზიის შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულს შეხვდება, დამარცხებული კი რეპეშაჟში გადაინაცვლებს.

2023 წლის მსოფლიო თასის ბოლო მონაწილე კი 2022 წლის ნოემბერში გამოვლინდება და ის რეპეშაჟის გამარჯვებული იქნება, რომელშიც ევროპისა და ამერიკის მესამე გუნდები, აფრიკის მეორე და აზია/ოკეანეთის წყვილში დამარცხებული ნაკრებები ითამაშებენ.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება.