2022-2026 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა - ფედერაციამ ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები დაასახელა #1TVSPORT
ოთხწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, უეფა-სთან თანამშრომლობით შეადგინა, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და მოიცვა ადგილობრივ საფეხბურთო ინდუსტრიაში შემავალი ყველა ძირითადი მიმართულება.
დოკუმენტში ასახულია კონკრეტული მიზანი, ღირებულებები, ნაბიჯები და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი საქართველოში. სფფ-ს ხელმძღვანელთა თქმით, ამ პროცესში გაითვალისწინეს გასული ხუთი წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და პროცესში წარმოქმნილი ახალი გამოწვევები გაანალიზეს.
„2015-2020 წლების, პირველი სტრატეგიული ციკლის პერიოდში, აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც პირველ რიგში იდგა დღის წესრიგში და სწრაფ, ეფექტურ რეაგირებას საჭიროებდა. ციკლის დასრულების შემდეგ, პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდში, უეფა-სთან ერთად არაერთი კვლევა და შეფასება გაკეთდა, რითაც შევძელით ახალ ეტაპზე გადასვლა და ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც შემდგომ ოთხწლიან პერიოდს მოიცავს“, – წერია სფფ-ს წარმოდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმაში.
სფფ-ს გამოცხადებული განვითარების ძირითადი მიმართულებებია: 1 – ეროვნული გუნდები, 2 – ეროვნული ჩემპიონატები, 3 – ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, 4 – მასობრივი ფეხბურთი, 5 – ქალთა ფეხბურთი.
ძირითადი მიმართულებების განვითარებისთვის, ფეხბურთის ფედერაცია აუცილებელლად მიიჩნევს 7 მიმართულებებით მუშაობას: 1 – ორგანიზაციული განვითარება. 2 – პროფესიული განათლება, 3 – ფეხბურთის პოპულარიზაცია და ჩართულობის ზრდა, 4 – ფინანსური სიძლიერე, 5 – საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება, 6 – ტექნოლოგიური განვითარება, 7 – ანალიტიკის მიმართულების გაძლიერება.
„ამ პროცესის შემდეგი ეტაპი დასახული მიზნების შესრულებაა. მიღწეული წარმატების გაზომვის საშუალებას კი სტრატეგიული გეგმარება გვაძლევს. ჩვენი გეგმის გადახედვა რეგულარულად მოხდება მისი გაუმჯობესების მიზნით“, – წერია სფფ-ს წარმოდგენილ ახალ დოკუმენტში.