2021 წლის პირველი ქართული ტრანსფერი წყალტუბოს „სამგურალმა“ განახორციელა. გუნდი კიდევ ერთი გამოცდილი მოთამაშით გაძლიერდა. ამიერიდან წყალტუბოელებისთვის ირაკლი ლექვთაძე შეუტევს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„სამგურალის“ ახალწვეული წყალტუბოელია, თუმცა, 10-წლიანი პროფესიული კარიერის განმავლობაში მშობლიური ქალაქის გუნდში პირველად ითამაშებს – ირაკლი პატარა ასაკში თბილისში წაიყვანეს და „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის შემდეგ, პროფესიული საფეხბურთო კარიერაც ამ კლუბში დაიწყო და საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში სამი სეზონი გაატარა.
2012 წელს ლექვთაძე გორის „დილაში“ გადავიდა, თუმცა ერთ წელიწადში ისევ „დინამოში“ დაბრუნდა, შემდეგ მის კარიერაში იყო ბოლნისის „სიონი“, თბილისის „დინამოში“ მორიგი დაბრუნება, ქუთაისის „ტორპედო“, „ცხინვალი“, 2016 წლიდან 2019 წლამდე ითამაშა საჩხერის „ჩიხურაში“, ბოლო ერთი სეზონი კი გორის „დილაში“ გაატარა, სადაც 15 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ წყალტუბოს „სამგურალთან“ კონტრაქტები დაუმთავრდათ და გუნდი დატოვეს: ბექა ქურდაძემ, გივი იოსელიანმა, ლუკა რაზმაძემ, თენგიზ ბრეგვაძემ, დავით რაჟამაშვილმა, ლაშა კუჭუხიძემ, გიგა ამბროლაძემ და მერაბ მეგრელაძემ.