2021 წელი ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტოკიოს ოლიმპიადა 2020-ის ნაცვლად 2021 წელს გადმოიტანეს და ქართველმა სპორტსმენებმა გამარჯვებებითა და მედლებით გაგვახარეს.
ოლიმპიადის გარდა კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი იყო, რომლებსაც „სმაილებით“ მოგიყვებით.
პირველი ოქრო
🎆🏟️ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბათუმის „დინამომ“ პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ წელს ითამაშა გუნდმა პირველად ახალ, ევროპილი სტანდარტების არენაზე.
სამივე სინჯი
️🥇️🥈️🥉 ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე დაძაბული ფინალი დათმო და ვერცხლს დასჯერდა. შესაბამისად, ლაშას ოლიმპიადებზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოუგროვდა.
ოქრო 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე მოიგო, ვერცხლი – 2021-ში ტოკიო 2020-ზე, ბრინჯაო – 2016-ში ბრაზილიის ქალაქ რიო დე ჟანეიროში.
ვარსკვლავი
🌟🔃 საქართველო პატარა ქვეყანაა, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ყოველ წელს არ იბადება. 2021 წელს ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ოთხი გოლი გაიტანა და გულშემატკივარს მომავლის იმედი გაუჩინა. მისი დუბლით საქართველომ შვედეთის ძლიერი გუნდი 2:0 დაამარცხა.
დღეს ყველას საფიქრალი ხვიჩას ტრანსფერია – იგი რუსეთიდან ევროპაში დროულად უნდა გადავიდეს.
ღამურებში
🦇 ესპანური კლუბის, „ვალენსიას“ სიმბოლო ღამურაა. 2021 წლის ზაფხულში ამ კლუბში გადავიდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ლა ლიგის საწყის ექვს ტურში ითამაშა და დიდი კომპლიმენტები დაიმსახურა. იგი მეოთხე ქართველია, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში უთამაშია.
წარმოუდგენელი
😲 ტოკიოს ოლიმპიადის დასრულებიდან რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა დღესაც რთული დასაჯერებელია, როგორ წააგო გენო პეტრიაშვილმა ოქროს მედალი. ქართველ მოჭიდავეს ოქრომდე ერთადერთი წამი დააკლდა! სწორედ ბოლო წამზე, მეტოქისგან ორქულიანი მიიღო და დამარცხდა. მსაჯების გადაწყვეტილება ქართველებმა გააპროტესტეს, თუმცა ჩელენჯი წააგეს და მეტოქეს კიდევ 1 ქულა დაემატა. შედეგად, პეტრიაშვილი 8:10 დამარცხდა.
საუკეთესო ესპანეთში
🗻 საქართველოს ნაკრების ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს. მას მეტად შედეგიანი წელი ჰქონდა.
MVP-ისთვის განკუთვნილი ჯილდო გიორგის კანარის კუნძულებზე მდებარე მთა ტეიდიზე გადასცეს. ეს გახლავთ ყველაზე მაღალი მთა მთელს ესპანეთში. შეგახსენებთ, რომ თავად შერმადინი 216 სმ სიმაღლის კალათბურთელია.
შავი ლომი
🦁 ისტორიაში პირველად საქართველოში შეიქმნა სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლომი“, გუნდი, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებისგან შედგა და რაგბი ევროპის სუპერთასზე წარმატებით ასპარეზობს.
ხარირმებში
️🏀🦌 NBA-ის დრაფტზე მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდებს ირჩევენ. 1998-დან დღემდე საქართველოდან შვიდი ქართველი აურჩევიათ – მეშვიდე სანდრო მამუკელაშვილია, რომელიც 2021 წლის დრაფტზე „მილუოკი ბაქსმა“ („ხარირმები“) აიყვანა.
კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ 54-ე ნომრად არჩეულ ქართველს მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი ენდობა და გუნდს ნელ-ნელა აჩვევს.
ევროპაზე
☑️🌷 2021 წელი დასამახსოვრებელი იყო საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვისაც. ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ფინალური ეტაპი ტიტების ქვეყანაში, ნიდერლანდებში გაიმართება.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი 22 იანვარს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ელის.
ტრავმა და მედალი
️🥇🤕️🥉 ახალგაზრდა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადის წინ მხრის ტრავმა მიიღო. დაისვა შეკითხვა – შეძლებდა თუ არა იაპონიაში ჭიდაობას. იგი ტოკიოს ტატამზე გავიდა და ოლიმპიური ჩემპიონობა მხარშეხვეულმა მოიპოვა.
მსგავსი გმირობა ჩაიდინა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ, რომელმაც ოლიმპიადის მსვლელობისას მუხლი დაიზიანა, თუმცა საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
ისტორიული მედალი
⛩🤺 საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა ივლისში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ამ გუნდის წევრმა ნინო თიბილაშვილმა აგვისტოში ტოკიოს პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ეს გახლავთ ქართველი პარამოფარიკავეების პირველი მედალი ოლიმპიადების ისტორიაში.
აფრინდა და დაეშვა
🛫🛬 კალათბურთელთა ნაკრებმა 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი მატჩი გამართა. პირველში უკრაინასთან 88:83 გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდმა რამდენად კარგადაც ითამაშა უკრაინასთან, ისევე ცუდად გამოიყურებოდა ესპანეთთან.
მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას ტრავმის გამო აღარ უთამაშია.
ტოპ-14-ში
🚀 „ვერ წარმოვიდგენდი, რომ წელს „ხვამლიდან“ ჯერ საქართველოს ნაკრებში, შემდეგ კი ტოპ 14-ის გუნდში ვითამაშებდი“, – თქვა დავით ნინიაშვილმა გადაცემა „ტაიმაუტის“ სპეციალურ გადაცემაში. ასეთივე ტემპით რომ განაგრძოს პროგრესი, მაღალ მიზნებს მიაღწევს.
წლეულს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ორ მსოფლიო ჩემპიონთან მოუწია ტესტ-მატჩის გამართვა. საფრანგეთთანაც დამარცხდა და სამხრეთ აფრიკასთანაც, თუმცა ორივე შემთხვევაში ღირსეულად იბრძოლა.
რეკორდსმენი
2️⃣2️⃣5️⃣✊➖➖✊2️⃣6️⃣7️⃣ ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიადა მეორედ მოიგო, მსოფლიო ჩემპიონატზე კი თავისივე დამყარებული რეკორდები გააუმჯობესა: ატაცში – 225 კგ, აკვრაში – 267, ორჭიდში – 492.
დიდი გამარჯვება
🔥 ფეხბურთში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ინგლისს უმასპინძლა და 3:0 დაწინაურდა. საბოლოოდ 3:2 გაიმარჯვა. ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებთან თუნდაც მინიმალური სხვაობით მოგება მომავლის იმედს აღვივებს.
გამარჯვების ხელი
🤝 ლეგენდარული როჯერ ფედერერისთვის მატჩის შემდეგ ბევრ ჩოგბურთელს ჩამოურთმევია ხელი… უმეტესად დამარცხებულის რანგში. ნიკა ბასილაშვილმა კი ამაყად გაუწოდა ხელი ფედერერს დოჰაში, ATP 250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში.
ქართველმა როჯერი სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა. ის შეჯიბრება საბოლოოდ ნიკას გამარჯვებით დასრულდა.
გამორჩეული წელი იყო ეკატერინე გორგოძისთვისაც, რომელმაც წყვილთა თანრიგში ტრანსილვანიის ტურნირი მოიგო.
ოქრო 37 წლის ასაკში
️🥋️🥇 კარატისტმა გოგიტა არქანიამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ღირსეულად იასპარეზა, მოგვიანებით, ნოემბერში კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მან ეს 37 წლის ასაკში შეძლო.
წლის წართმევა
😬 ტოკიოს ოლიმპიადაზე მედალთან ძალიან ახლოს იყო სანდრო ბაზაძე, რომელსაც ნახევარფინალში, გადამწყვეტ მომენტში მსაჯებმა ქულა არ ჩაუთვალეს. არბიტრებმა არც ვიდეოგამეორების შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება.
ეს იყო შემთხვევა, რამაც მოფარიკავეზე ძალიან იმოქმედა და სანდრომ ვერც ბრინჯაოს მოგება შეძლო.
მეცხრე
🔫 ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ მეცხრე ოლიმპიადაზე იასპარეზა. ის ამ მაჩვენებლით ევროპელთა შორის რეკორდსმენია. მსოფლიო რეკორდი კი კანადელ იან მილარს ეკუთვნის – ამ ცხენოსანმა 10 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.
ექვსი ლიცენზია
❄️⛸️ ქართველი მოციგურავეებისთვის 2021 წელი ისტორიული იყო – ექვსმა ჩვენიანმა მოიპოვა პეკინის 2022 წლის ოლიმპიადის ლიცენზია (ალინა ურუშაძე, მორის ყვითელაშვილი, მარია კაზაკოვა, გიორგი რევია, კარინა საფინა, ლუკა ბერულავა).
ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4 თებერვალს დაიწყება და 20-მდე გაგრძელდება.
იუბილე
🎂 2022 წელი ქართული კალათბურთისთვის საიუბილეოა – ჩვენს ქვეყანაში პირველი ფარი 1922 წელს დამონტაჟდა და სწორედ აქედან იწყება ქართული საკალათბურთო წელთაღრიცხვის ათვლა. საინტერესო დამთხვევაა: 100 წლის იუბილეზე საქართველო ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს.