2020 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ოფისებში მუშაობას უბრუნდება
ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლებმა ორგანიზაციის შტაბ-ბინაში დაბრუნება დაიწყეს მას შემდეგ, რაც ორი თვის განმავლობაში საკუთარ მოვალეობებს საკუთარ სახლებში ასრულებდნენ.
ერთ-ერთი თანამშრომლის სიტყვებით, საორგანიზაციო კომიტეტი გეგმავს საოფისე სისტემაზე თანდათან გადასვლას. ამჟამად, ცალკეული განყოფილებები მუშაობენ როტაციის პრინციპით, რათა ოფისის დატვირთვა 50 პროცენტს არ აღემატებოდეს.
მომავალი ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საკუთარი თანამშრომლებისთვის კარანტინი შეამსუბუქა მას შემდეგ, რაც იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ გასულ კვირას საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.
2020 წლის ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის პანდემიის გამო, 2021 წლისთვის გადაიტანეს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სპორტული ფორუმი საერთოდ არ გაიმართოს.
ამ მომენტისთვის, ტოკიოს ოლიმპიადისთვის ლიცენზიების 57 პროცენტია გათამაშებული.