2019 წლის ყველაზე გრძელი კომბინაცია – 61 პასი გოლამდე [ვიდეო]
ბუნდესლიგის გასულ ტურში, შესაძლოა, ეპოქალური მოვლენა მოხდა, რომელიც კარგა ხანი შეუმჩნეველი დარჩა. „გლადბახის“ ფეხბურთელებმა სტუმრად „შალკე“ დაამარცხეს. მეორე გოლი 90-ე წუთზე ფლორიან ნოიჰაუსმა გაიტანა – მანამდე, „გლადბახმა“ 61 გადაცემა გააკეთა ისე, რომ ბურთს მეტოქის არც ერთი ფეხბურთელი არ შეხებია.
აქამდე არაოფიციალური რეკორდი ეკუთვნოდა ლეროი სანეს გოლს „ვესტ ბრომვიჩის“ კარში. მაშინ, „მანჩესტერ სიტიმ“ 52 გადაცემა გააკეთა გადამწყვეტ დარტყმამდე – ცხრით ნაკლები, ვიდრე „გლადბახმა“.
თუმცა, მაშინ „სიტიმ“ თავის შეტევაში გუნდის ყველა მოთამაშე გამოიყენა, „გლადბახმა“ – მხოლოდ 10. პარტნიორებმა ერთხელაც არ მისცეს ბურთი პატრიკ ჰერმანს.