2019 წლის მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის განრიგი ცნობილია. ტურნირი არგენტინაში 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით როსარიოსა და სანა ფეში გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები ცე ჯგუფში ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ.
2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ყველაზე ტიტულოვანი ახალი ზელანდიის გუნდი იქნება. ზელანდიელებს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ექვსჯერ აქვთ მოგებული.
ილია მაისურაძის გუნდი სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე მესამედ ხვდება. 2017 წელს გამართული შეხვედრა აფრიკელებმა უმცროს ბორჯღალოსნებს 38:14, 2018 წელს კი 33:27 მოიგეს. 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატამდე საქართველოს 20 წლამდე ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაზაფხულზე გაემგზავრება, სადაც ორ საკონტროლო მატჩს გამართავს.
ჯგუფის მესამე მეტოქე შოტლანდიის ნაკრებია, რომელთანაც ქართველებმა გასულ ჩემპიონატზე მე-9 ადგილისთვის ითამაშეს და შეხვედრა 39:31მოიგეს.
საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის განრიგი 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე –
1. 04.06.2019 20:00(თბილისის დროით) – ახალი ზელანდია – საქართველო
2. 08.06.2019 17:30 – სამხრეთ აფრიკა – საქართველო
3. 12.06.2019 17:30 – საქართველო – შოტლანდია
ილია მაისურაძის გუნდი 20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 საუკეთესო გუნდი გამოდის ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს, რაც ისტორიული შედეგია. აქამდე „ალაფიდან“ აღზევებულ არცერთ ნაკრებს უძლიერესთა შორის ადგილი არ შეუნარჩუნებია. საქართველოს 20 წლამდე ნაკრებმა პირველ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხე მატჩის მოგებით მე-10 ადგილი დაიკავა. წელს კი საფრანგეთში გამართულ ტურნირზე ირლანდიას, იაპონიასა და შოტლანდიას სძლიეს და მეცხრე ადგილზე გავიდნენ.