2019 წლიდან რაიკონენის მეწყვილე ჯოვინაცი იქნება
2019 წლიდან რაიკონენის მეწყვილე ჯოვინაცი იქნება

„ზაუბერმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი სეზონიდან კიმი რაიკონენის მეწყვილე ანტონიო ჯოვინაცი იქნება. კონტრაქტი გაფორმებულია. იტალიელი გუნდში შარლ ლეკლერს შეცვლის. ეს უკანასკნელი 2019 წლიდან ფერარის ღირსებას დაიცავს.

„მოხარულები ვართ, რომ მომავალი წლიდან გუნდში ისეთი პილოტები გვეყოლება, როგორებიც კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი არიან. რაიკონენი ძალიან გამოცდილია. ის დიდ როლს ითამაშებს მთლიანი საჯინობოს პროგრესსა და წარმატებაში. ჯოვინაცი ახალგაზრდაა და ძალიან ნიჭიერი. ჩვენ მასთან ადრეც გვიმუშავია და მასში უდიდესი პოტენციალი დავინახეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, მიზნის მისაღწევად ვიბრძოლოთ. მიზანი კი წინსვლა და უფრო მაღალი პოზიციების დაკავებაა.“ – განაცხადა „ზაუბერის“ ხელმძღვანელმა ფრედერიკ ვასერმა.

„მიხარია, რომ „ალფა რომეო ზაუბერის“ გუნდის წევრი ვხდები. ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე და ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამისრულდა. როგორც იტალიელისთვის, ჩემთვის უდიდესი პატივია წარმოვადგენდე ამ ლეგენდარულ ბრენდს. მინდა მადლობა გადავუხადო „ფერარისა“ და „ზაუბერს“ ამ შანსისთვის. მოტივირებული ვარ და მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას.“ – ეს კომენტარი ჯოვინაციმ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გააკეთა.