2019-2020-ის რეგულარული სეზონის ყველაზე საინტერესო მატჩები - ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ შეხვედრების განრიგი გამოაქვეყნა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2019-20-ის რეგულარული სეზონის მთლიანი განრიგი ცნობილია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ რამდენიმე მომავალ საინტერესო მატჩს, რომელსაც ახალ სეზონზე ვიხილავთ.
22 ოქტომბერი – რეგულარული სეზონის გახსნითი შეხვედრა ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ შედგება და ერთმანეთს „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ დაუპირისპირდებიან. ამავე დღეს შედგება სავარაუდოდ ახალგაზრდა ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის დებიუტი „ინდიანას“ შემადგენლობაში. „პეისერსის“ მეტოქე „დეტროიტ პისტონსი“ იქნება
28 ნოემბერი – „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ „ნიუ ორლეან პელიკანსს“ ახალ სეზონზე პირველად შეხვდება. ალბათ, საინტერესო იქნება თუ როგორ შეხვდებიან „ნიუ ორლეანის“ გულშემატკივრები ენტონი დევისს. შეგახსენებთ, რომ ენტონიმ შვიდი წელი გაატარა „პელიკანსში“, მიმდინარე წლის იანვარში კი გუნდის შეცვლა მოითხოვა და საბოლოოდ „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გადავიდა. ამავე დღეს, „ბრუკლინ ნეთსი“ სტუმრად „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდება. მოგეხსენებათ, კაირი ირვინგმა რამდენიმე კვირის წინ „სელტიკსის“ რიგები დატოვა და სწორედ „ბრუკლინში“ – კევინ დურანტთან ერთად გადავიდა. საინტერესო იქნება თუ როგორ დახვდებიან ბოსტონელი ფანები „ტი დი გარდენში“ ირვინგს.
11 დეკემბერი – კავაი „ტორონტოში“ ბრუნდება. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონი, კავაი ლეონარდი, რომელმაც „რეპტორსის“ გამარჯვებაში მთავარი როლი შეასრულა, კანადაში ამჯერად მეტოქის რანგში ჩავა.
10 იანვარი – „ჰიუსტონ როკეთსი“ სტუმრად „ოკლაჰომა სიტის“ შეხვდება. შეგახსნებთ, რომ „ოკლაჰომას“ აწ უკვე ყოფილმა გამთამაშებელმა რასელ ვესტბრუკმა ყოფილ გუნდში 11 სეზონი გაატარა. ამჟამად, ის „როკეთსის“ კალათბურთელია.