20-წლამდელთა ნაკრებს კოტე ტუღუში გაწვრთნის, 18-წლამდელებს - ირაკლი ძიძიგური #1TVSPORT
საქართველოს ორ ასაკობრივ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელები ჰყავს. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილებით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს სუპერლიგის კლუბის, „ქუთაისი 2010-ის“ თავკაცი კოტე ტუღუში გაწვრთნის, ხოლო 18-წლამდელებს გურჯაანის „დელტას“ მთავარი მწვრთნელი ირაკლი ძიძიგური გაუძღვება.
საკლუბოსთან ერთად, ორივე მწვრთნელს აქვს ასაკობრივ ნაკრებებში მუშაობის გამოცდილება. 2018 წლიდან მოყოლებული, ძიძიგური 20-წლამდელთა ნაკრებში სერბი სპეციალისტის, მილოშ გლიგორიევიჩის ასისტენტი იყო, ხოლო ტუღუში 2016 წელს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს თავკაცობდა. ამასთან, კოტეს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 2011 წლიდან ტუღუში ეროვნულ გუნდში იგორ კოკოშკოვის ასისტენტი იყო, ხოლო სერბი სპეციალისტის წასვლის შემდეგ ის 2017 წლამდე ილიას ზუროსის სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.
„რამდენიმე დღეში დაიწყება შესარჩევი კემპები, რომლებშიც ყველა შესაბამისი ასაკის კალათბურთელს ვნახავთ, რომელსაც თუნდაც მცირე პერსპექტივა გააჩნია. ეს პროცესი გაზაფხულამდე გასტანს, რის შემდეგაც შევარჩევთ 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებს და გენერალურ შეკრებას დავიწყებთ“, – განაცხადა კოტე ტუღუშმა.
ანალოგიურად, რამდენიმე დღეში დაიწყება 18-წლამდელი მოთამაშეების შერჩევა, რომლის ფარგლებშიც, ირაკლი ძიძიგურის განცხადებით, 60-ზე მეტ კანდიდატზე მოხდება დაკვირვება. დაახლოებით მარტის შუა რიცხვებისთვის ის გაფართოებული შემადგენლობები იქნება ცნობილი, რომლებიდანაც ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის 18 და 20 წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობები დაკომპლექტება.
18-წლამდელთა ნაკრებს 2023 წლის 21-30 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოსინოსში მოუწევს ფიბა-ს B დივიზიონში ასპარეზობა, ხოლო 20-წლამდელები საკონტინენტო ტურნირზე ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 7-დან 16 ივლისის ჩათვლით ითამაშებენ.
gbf.ge