20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები | ტესტმატჩი ექვსი ერის ჩემპიონთან - ლადო კილასონიამ ინგლისთან თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა #TVSPORT
20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები | ტესტმატჩი ექვსი ერის ჩემპიონთან - ლადო კილასონიამ ინგლისთან თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა #TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 7 ივნისს, 18:00 საათზე „ავჭალის“ სტადიონზე ინგლისელ თანატოლებთნ ორმატჩიანი სერიის პირველ ტესტმატჩს ჩაატარებს.

20-წლამდელთა ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონთან საქართველოს ნაკრებმა გასულ წელსაც ითამაშა, მაშინ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ პირველი შეხვედრა 35:41 წააგეს, რამდენიმე დღეში კი მეტოქე 40:38 დაამარცხეს და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის 20-წლამდელებმა ასაკობრივ ექვს ერზე წელს ოთხი თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს, 23 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ და თბილისს ექვსი ერის ჩემპიონის სტატუსით ეწვივნენ.

ინგლისის ნაკრებთან მატჩისთვის გუნდის სამწვრთნელო შტაბმა, ლადო კილასონიას ხელმძღვანელობით, სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების განაცხადში ამ მატჩისთვის 34 მორაგბე იქნება (30 მოთამაშეა ინგლისელთა განაცხადში). მათგან 9 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ. მწვრთნელების სურვილია, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ მოთამაშეს მისცენ.

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 13. ლუკა კეშელავა (არმია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. სანდრო დარძულიძე (ლელო), 10. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე (ნევერი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. დავით ლაგვილავა (გრენობლი), 5. მურთაზ ცხადაძე (არესი), 6. ლუკა სულუაშვილი (ორიაკი), 7. ნიკა აბესაძე (ლელო), 8. ანდრო დვალი (ლელო, კაპ.);

მარქაფა: 16. შოთა მაღლაკელიძე (მათე), 17. დათო მოლაშხია (ლელო), 18. მათე ღურწკაია (ყოჩები), 19. გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. ზურა ფირცხალაიშვილი (ბათუმი), 23. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), ირაკლი ხიდეშელი (ვეფხვები), ლუკა საღინაძე (ლიონი), ონისე იოსელიანი (ორიაკი), თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), დავით მჭედლიშვილი (გრენობლი), გელა ხელაძე (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), ლუკა კობაური (ლეუკატე), გიორგი ბოლქვაძე (ლელო), ოთარ მეტრეველი (აია), მიხეილ ყაჩლავაშვილი (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

ინგლისის ნაკრებთან მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ივნისს კვლავ „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აფრიკაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ჯგუფური ეტაპის კალენდარი:

29 ივნისი, 18:30 | საქართველო – ავსტრალია

4 ივლისი, 16:00 | საქართველო -ირლანდია

9 ივლისი, 18:30 | საქართველო – იტალია

ლადო კილასონია (საქართველოს 20-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი) – „სამწუხაროდ, ტიერ 1-ის გუნდებისგან განსხვავებით, ბევრი საერთაშორისო თამაშის ჩატარების შესაძლებლობა არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოთამაშეებს მივცეთ გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და ვნახოთ, ვინ როგორ გამოიჩენს თავს. ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე.

წელს ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის გათამაშება მოიგო და ჩვენი ერთ-ერთ მეტოქე, ირლანდია ერთი ქულით დაამარცხა. დიდი იმედი მაქვს, რომ ინგლისელები შარშანდელი შედეგის გამოსასწორებლად ჩამოვიდნენ და ეს ჩვენთვის ძალიან მაგარი გამოცდილება იქნება.

ამას გარდა, ეს თამაშები განვითარებაში დაგვეხმარება. ასევე დაგვანახებს სურათს, თუ რამდენად შევძელით საფრანგეთთან მატჩის შემდეგ კონკრეტული დეტალების გაუმჯობესება. ეს იქნება ბოლო რეპეტიცია სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე და კიდევ ერთხელ მოვინიშნავთ იმ დეტალებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ. ჩვენი სურვილია, რომ ამ თამაშებშიც მაქსიმალურად ბევრ მორაგბეს მივცეთ თამაშის შესაძლებლობა, რაც საბოლოო შემადგენლობის შერჩევაში დაგვეხმარება.

კარგია, რომ თბილისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ. ამას ვერაფერი გადაწონის. ყველას კარგად გვახსოვს, ინგლისთან შარშანდელ თამაშებზე რა მაგარი ატმოსფერო იყო და იმავეს მოლოდინი გვაქვს წელსაც“.