20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ბრალდებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. ზურაბ ბუდაღაშვილის, ბესიკ თამლიანის, კახაბერ კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხება.

ვახტანგ იაშვილის თქმით, სავარაუდოდ მოწმეები პოლიციელები იქნებიან. ადვოკატის აღნიშნავს, რომ ზურაბ ბუდაღაშვილის მიერ ბოლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, მასზე ზეწოლისა და ჩვენების მიცემის იძულების შესახებ, გამოძიება არ დაწყებულა.

„გრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა. სავარაუდოდ, ისევ პოლიციელები იქნებიან. რაც შეეხება ბუდაღაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მასზე განხორციელებულ ზეწოლასთან და ჩვენების მიცემის იძულებასთან დაკავშირებით, რეაგირება დღემდე არ მომხდარა. გამოძიება არ დაწყებულა პროკურატურაში, არავინ დაინტერესებულა, არ მისულა ბუდაღაშვილთან და მისგან ამ საკითხზე ინფორმაცია არ მიუღიათ“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი გეგმავს, რომ ბუდაღაშვილის ოჯახთან ერთად პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით წერილობით მიმართოს. ვახტანგ იაშვილის განცხადებით, მიმართავს სახალხო დამცველსაც, რომ დაინტერესდეს არსებული ვითარებით. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთანაც.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამართულ ბოლო სხდომაზე ზურაბ ბუდაღაშვილმა განაცხადა, რომ მასზე უცნობი პირების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. იგი ზეწოლის მიზეზად ოპოზიციის ლიდერების, ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ასახელებს.