20 000 მაყურებლის თვალწინ - ჩემპიონატის ლიდერმა „დინამოებმა“ ქულები გაინაწილეს #1TVSPORT
„დინამო“ ბთ – „დინამო“ თბ 2:2
გოლები: 1:0 ღუდუშაური, 2:0 ჯოვინო (24. ტეიდის პასით), 2:1 ულად-ომარ იმრანი (42. კირკიტაძის პასით), 2:2 სხირტლაძე (76. მალის პასით)
გაძევება: სანდრო ალთუნაშვილი (45+1. მეორე ყვითელი)
ეროვნული ლიგის ლიდერების, ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ დაპირისპირება დაძაბული, სანახაობრივი გამოდგა და 2:2 დასრულდა.
მატჩი ბათუმის სტადიონზე თითქმის სავსე ტრიბუნების ქვეშ (22 000 მაყურებელს იტევს) მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში ბათუმის „დინამომ“ კონკურენტთან მატჩი შესანიშნავად დაიწყო და 2:0 დაწინაურდა. მე-16 წუთზე ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა, ხოლო რვა წუთში ჯოვინო ფლამარიონმა სტუმართა კარი ეფექტური გასროლით მეორედ აიღო.
ყველაფერი ამის შემდეგ შეიცვალა. ჯერ იყო და 42-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძის პასით ულად-ომარ იმრანმა სხვაობა შეამცირა, 45+1-ე წუთზე კი მთავარმა არბიტრმა ბათუმელთა ნახევარმცველს, სანდრო ალთუნაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
რიცხობრივი უპირატესობით თბილისელებმა 76-ე წუთზე ისარგებლეს. ნიკოლოზ მალიმ საჯარიმოში შეტევა დავით სხირტლაძეს გაუგრძელა, „დინამო თბილისის“ კაპიტანმა კი რთული პოზიციიდან ზუსტად და ეფექტურად გაისროლა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
რვა ტურის შემდეგ ორივე „დინამომ“ 20 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით (ბურთების სხვაობით) პირველ ადგილზე ბათუმელები არიან.