გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი აცხადებს, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა
ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბავშვს დედა სცემდა. არკადი ძავაშვილის თქმით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
„ბავშვი კიოდა ბანაობის დროს, წყალი რომ დაესხმებოდა. დედამისს არასდროს უცემია. რომ დამენახა სცემდა, მე თვითონ დავსჯიდი ჩემს მეუღლეს. ბავშვი გუშინ ძალიან ცუდად იყო, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არავინ სცემდა”, – აცხადებს გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი.
თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვანის დედა.
აღნიშნულ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება 6 იანვარს შევიდა. დედის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით, მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი. 22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.