19 წლის ქართველს თურქეთის ნაკრებში თამაში შესთავაზეს - მას საქართველოს სახელით თამაში სურს
რუსეთის პრემიერლიგის „ტამბოვის“ ქართველმა მცველმა, ზურაბ გიგაშვილმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს.
„საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სამჯერ გამომიძახეს, მაგრამ ერთხელაც არ მითამაშია. ახლა ინტერესი თუ იქნება, გამიხარდება. საქართველო ჩემი სამშობლოა, ოჯახი დღემდე თბილისში ცხოვრობს და მეც მსურს, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. მთავარია, იყოს სურვილი, მე ორივე ხელით ვემხრობი“, – აცხადებს ზურაბ გიგაშვილი.
მან საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა: „მე 9 წლიდან თურქეთში ვიზრდებოდი, ბოლოს „ანკარაგუჯუში“ ვთამაშობდი, რუსეთში კი წელს წამოვედი. იმის თქმა მინდა, რომ თურქეთში მიცნობენ. რუსეთის პრემიერლიგაში ორი თამაში რომ ჩავატარე, თურქეთიდან დამიკავშირდნენ და დაინტერესდნენ, საქართველოს ნაკრებში თამაშს თუ ვაპირებ. როგორც მითხრეს, აინტერესებდათ, მათ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლაზე რას ვფიქრობდი, რადგან ამ ასაკში ცენტრალური მცველების პრობლემები აქვთ. მე საქართველოს ნაკრებში მიწვევას ვიმედოვნებ. თუმცა, ბოლო ორი წელია მიწვევა არ მიმიღია“.
19 წლის ფეხბურთელი განიცდის, რომ პანდემიის გამო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს: „ერთი წელია ოჯახი არ მინახავს და ყველა მენატრება. მერე პანდემიის გამო შეზღუდვები ამოქმედდა და საქართველოში ჩამოსვლა ოცნებად გადამექცა. იმედია, მოიძებნება გზები, რომ ჩამოვიდე და ახალი წელი ოჯახთან ერთად გავატარო“.
ზურაბ გიგაშვილი 2001 წლის 20 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. 19 წლის ტანმაღალი (189 სმ) მცველი 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე „კაიოლუსპორის“ აკადემიაში თამაშობდა, 2015–2018 წლებში – „ანკარაგუჯუს“ ასაკობრივ გუნდებში, 2020 წლის თებერვალში კი რუსულ კლუბ „არმავირში“ გადავიდა, მაგრამ არ უთამაშია.
28 სექტემბერს ხელშეკრულება გააფორმა „ტამბოვთან“. მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე ძირითად შემადგენლობაში. სადებიუტო მატჩი 5 დეკემბერს, მოსკოვის „სპარტაკთან“ გასვლით მატჩში (1:5) ჰქონდა, „რუბინთან“ კი გუნდის ფორმა მეორედ მოირგო.