19-წლამდელ ფუტსალის ნაკრები იწყებს - ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს დაუპირისპირდება
19-წლამდელ ფუტსალის ნაკრები იწყებს - ასათიანის გუნდი აზერბაიჯანს დაუპირისპირდება

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდის მეხუთე ჯგუფში თურქეთის, უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

გუნდი ახლახანს ჩამოყალიბდა, მზადება დაიწყო და თავისი არსებობის ისტორიაში პირველ საერთაშორისო მატჩებს ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი – 10 და 11 ნოემბერს აზერბაიჯანს შეხვდება.

ასათიანმა 16-კაციანი შემადგენლობა 3 ნოემბრიდან შეიკრიბა. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი მატჩებისთვის სრულ მზადყოფნაშია.

„ხვალ ფუტსალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ, რომ ჩვენი 19-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო შეხვედრას გამართავს. ბიჭები ძალიან ნერვიულობენ და ეს ბუნებრივია. ძალიან კარგია, რომ ეს საქმე დავიწყეთ, ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგზე ფიქრი რთულია, საკმაოდ ბევრი დრო დაგვჭირდება იმისთვის, მოთამაშეებმა გამოცდილება რომ მიიღონ და კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. ჩემი აზრით, მათ აქვთ იმის პოტენციალი, რომ მომავალში ეროვნული ნაკრების შემადგენლობა შეავსონ. ჩვენი მოწინააღმდეგის შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ეს ყველაფერი გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენს მსაგვსად აზერბაიჯანშიც ახლა დაიწყო 19-წლამდე ფუტსალის განვითარება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ პირველ ამხანაგურ შეხვედრას დაზვერვითი ხასიათი ექნება,“ – ამბობს ავთანდილ ასათიანი.

რაც შეეხება მეინ-რაუნდის წილისყრას, ნაკრების მწვრთნელი მიიჩნევს, რომ არ გაგვიმართლა – „ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ბიჭებთან და ყველა მათგანს გათავისებული აქვს პასუხისმგებლობა. მარტისთვის ყველაინაირად უნდა მოვემზადოთ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული შეხვედრები გველის. ჩვენი მოთამაშეები ფუტსალში პირველ ნაბიჯებს დგამენ, თუმცა 24 საათიანი მუშობით იმედი მაქვს სასურველ შედეგს მივაღწევთ“.

გიორგი ღავთაძე, ნაკრების ფეხბურთელი – „როდესაც საკუთარი ქვეყნის ჰიმნის ქვეშ გამოდიხარ მოედანზე, ძალიან ემოციური და დაძაბული მომენტია, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დადებითი შედეგისთვის. სულ რაღაც ერთი კვირაა, რახ ვვარჯიშობთ და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულოთ და სწორად ვითამაშოთ“.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა –

მეკარეები – თორნიკე დვალიშვილი (თელასი), ვასილ ცქიტიშვილი, თორნიკე ყენია

წინა ხაზი – ნიკა ხარატიშვილი, რომან კუხიანიძე, ბექა ბექაური, დაჩი ჩადუნელი, გიორგი ღავთაძე (ყველა – თსუ), გიორგი ზუნტუროვი, გეგა კოშაძე, დათა მოგელაძე, ნიკა ნადარეიშვილი (ყველა – თელასი), საბა ეგრისაშვილი (გაგრა), გიორგი ჩადუნელი (ტვილდიანი), ლევან სვანიძე (სპორტუნი), ირაკლი გაბისკირია (ქუჯი-სენაკი)

აზერბაიჯანის 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი, 10 ნოემბერს 19:00 საათზე გაიმართება, მეორე კი, 11 ნოემბერს 13:00 საათზე. ორივეს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.