18 წლის გაგნიძის პირველი სასტარტო - მეცამეტე ტური ქართველებისთვის უიღბლო გამოდგა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილმა ტულის „არსენალის“ ფორმით რუსეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა. მისი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ „სოჭთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ტულის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს. წაგების მიუხედავად, დავითაშვილი „არსენალში“ ერთ-ერთი გამორჩეული იყო და გამოცემა „ჩემპიონატმა“ 7,0 ქულა დაუწერა, რაც გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო. „სოჭმა“ მეტოქე მატეო კასიერას (2, 79 წუთებზე) დუბლით დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ევანს კანგვას (65) ანგარიშზეა.
ლუკა გაგნიძე და ლეო გოგლიჩიძე „ურალის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ „ხიმკისთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც 0:0 დასრულდა. ორივე ქართველმა მოთამაშემ 7,0 შეფასება დაიმსახურა. უკეთესი შეფასება მხოლოდ მასპინძელთა მეკარეს ჰქონდა.
ეს 18 წლის გაგნიძისთვის რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებული პირველი მატჩი იყო სასტარტოში, 90 წუთიც პირველად ითამაშა. „ურალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნული იგორ შალიმოვი მას ბოლო მატჩებში ენდობა და ათამაშებს. სხვათა შორის, რამდენიმე ეპიზოდში კარისკენ ყველაზე სახიფათოდ ლუკა გაგნიძემ და ლეონ გოგლიჩიძემ დაარტყეს, თუმცა „ხიმკის“ მეკარე ილია ლანტრატოვმა საიმედოდ ითამაშა.
მეკარე გიორგი შელიამ შეუცვლელად ითამაშა გროზნოს „ახმატში“ – მისი გუნდი „უფასთან“ სტუმრად 0:1 დამარცხდა. გიორგის თამაში 6,5 ქულით შეაფასეს.
13 ტურის შემდეგ 12 ქულით „არსენალი“ მე-14 ადგილზეა და ბოლოადგილოსან (მე-16) „ურალს“ მხოლოდ ქულით ასწრებს, „ახმატი“ კი 15 ქულით მე-10 პოზიციაზეა.