18-წლამდელთა შვიდკაცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
18-წლამდელთა შვიდკაცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 18-წლამდე შვიდკაცა ნაკრები, 16 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ გდანსკში მიემგზავრება, სადაც ამ შაბათ-კვირას ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატში ითამაშებს.

საქართველო „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, რუსეთის და ლუქსემბურგის ნაკრებებთან მოხვდა; „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, პოლონეთი და რუმინეთი ითამაშებენ; ხოლო „გ“ ჯგუფში ესპანეთი, გერმანია, ლიეტუვა და ბელგია განაწილდნენ.

შაბათს, 17 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია და ჩვენი გუნდი პირველ მატჩს საქართველოს დროით 14:06 საათზე რუსეთთან გამართავს; 16:51 საათზე ლუქსემბურგს, ხოლო 19:14 საათზე ირლანდიას ვეთამაშებით. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი თასისთვის აგრძელებს ბრძოლას, ხოლო დანარჩენი ოთხი გუნდი 9-12 ადგილებისთვის იბრძოლებს. ფლეი ოფები კვირას გაიმართება.

ჩვენმა 7-კაცამ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე იმედოვნებს, რომ წელს ნაკრები თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს:

„წინა წლებთან შედარებით, წელს ბევრად უკეთ ვართ მომზადებული, რადგან 7-კაცა რაგბში საქართველოს ჩემპიონატი მოწესრიგდა, სათამაშო პრაქტიკა მივიღეთ და მოსამზადებელ ტურნირზე სანქტ-პეტერბურგშიც ვიყავით (კაცთა ტურნირზე). სამწუხაროდ, უშუალოდ ტურნირის წინ ვერ მოგვიხერხდა ამხანაგური თამაშების გამართვა, თუმცა მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ“.

„გვქონდა ორი მოსამზადებელი შეკრება – პირველი ურეკში და მეორე მარტყოფში. პირველ შეკრებაზე 20 მორაგბე გვყავდა, მეორეზე 16 და მათგან შეირჩა 12. ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე დაგვაკლდა, დაჩი პაპუნაშვილი კი ‘ორიაკმა’ არ გამოუშვა, თუმცა ჯამში კარგი შემადგენლობით მივდივართ. წელს ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა, რაშიც ირლანდიის, საფრანგეთის და ესპანეთის კონკურენციის დაძლევა მოგვიწევს“.

პოლონეთში მიემგზავრებიან:

ბექა შვანგირაძე (აია), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ლევან მგალობლიშვილი (ნიუ იორკის რაგბის აკადემია, აშშ), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლუკა მატკავა (არმაზი, კაპ.), დავით ნინიაშვილი (ხვამლი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ მინდიაშვილი (აკადემია), ირაკლი ბებია (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (აია), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი).

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

უნარების მწვრთნელი: გიორგი ნოზაძე

ფიზ.მომზადება: გივი ნადარეიშვილი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: პაატა მაისურაძე