17 წლის ვახტანგ სალია „ნიუკასლში“ ითამაშებს #1TVSPORT
17 წლის ვახტანგ სალია „ნიუკასლში“ ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ვახტანგ სალია „ნიუკასლში“ ითამაშებს. 17 წლის ფეხბურთელის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ინგლისური კლუბი ქართველ ტალანტს გრძელვადიანი კონტრაქტით დაიმატებს. თუმცა საწყის ეტაპზე სალია ერთი წელი ისევ „დინამოში“ დარჩება და „ნიუკასლს“ ამის შემდეგ შეუერთდება.

დიდ ბრიტანეთში სათამაშოდ მკაცრი შეზღუდვები არსებობს, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელი უნდა თამაშობდეს ფიფა-ს რეიტინგის პირველ 70 ნაკრებში. ამასთან ერთად, ქვეყნის ეროვნულ გუნდში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეხვედრების 75 პროცენტი უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

ამ შეზღუდვების შედეგია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი ინგლისის პრემიერლიგაში ვერ გადავიდა, სადაც მას ძალიან საინტერესო წინადადება ჰქონდა. „ლევანტეს“ ქართველმა ლეგიონერმა ეროვნულ გუნდში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა.

მაგრამ სალიას ორი წლის წინ ინგლისში მიღებული შეღავათი შეეხება. კლუბებს ნება დართეს, რომ აიყვანონ ოთხი ახალგაზრდა მოთამაშე (21 წლამდე), რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

სალიათი ინგლისელთა დაინტერესებაზე პირველი ინფორმაცია აპრილში გავრცელდა. ბრიტანული HITC-ის ცნობით, „დინამოს“ თავდამსხმელით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევა, „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაინტერესდნენ. ესპანური გამოცემა Relevo კი ამტკიცებდა, რომ „ქართველ მარგალიტს“ „ბეტისი“ აკვირდებოდა.