17 წლის დებიუტანტის საგოლე გადაცემა - „დინამომ“ „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურში გორის „დილას“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0.
თბილისელებმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნეს. მეტოქის ნახევარზე ბურთი გორელთა თავდამსხმელმა ნუგზარ სპანდერაშვილმა დაკარგა, დავით სხირტლაძემ კი მეკარესთან პირისპირ გიორგი მოისწრაფიშვილი გაიყვანა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით „დილას“ კარი აიღო.
გოლამდე და შემდეგ ორჯერ მეტოქის კარის აღების რეალური შანსი ჰქონდა თბილისელთა შემტევ ულად-ომარ იმრანს. მან 51-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა – მეკარესთან პირისპირ სხირტლაძე დატოვა, რომელმაც „დინამოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა 2:0. მოისწრაფიშვილი ამ გოლშიც მონაწილეობდა – მან გადაცემა ჩაჭრა და შეტევა წამოიწყო.
66-ე წუთზე მოედანზე გამოჩნდა ორი 17 წლის ფეხბურთელი – გაბრიელ სიგუა და ლუკა პარკაძე, რომელთანაც კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნმა“ გააფორმა. ორივემ „დინამოში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 88-ე წუთზე კი სიგუამ პოირველი საგოლე გადაცემაც შეასრულა, რომლითაც გიორგი გაბედავამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 „დინამოს“ სასარგებლოდ.
22–ე ტურის შემდეგ „დინამომ“ 44 ქულა დააგროვა და სხვაობა ოდნავ შეამცირა ბათუმის „დინამოსთან“ (50), რომელიც ტურის მატჩს 21 აგვისტოს გამართავს. „დილამ“ (43) კი ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და „სამგურალთან“ (38) ჩამორჩენა ვერ შეამცირა.