საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს დღეს გამართავს.
გიორგი ნემსაძის გაწვრთნილები პოლონეთში 16 მარტს გაემგზავრნენ და თბილისური შეკრების შემდეგ მზადება იქ გააგრძელეს. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სამწუხაროდ, ელიტ-რაუნდზე ტრავმების გამო გუნდს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი, გიორგი შალიკაშვილი და ცოტნე კაპანაძე ვერ დაეხმარება. სამედიცინო შტაბის დიდი მცდელობის მიხედავად, მათი თამაში შეუძლებელი აღმოჩნდა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ელიტ-რაუნდის საგზური პირველ შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა, რომელიც შარშან თბილისში გაიმართა. მაშინ ჯგუფიდან იტალია და საქართველო გავიდნენ.
გიორგი ნემსაძის გუნდი ლეგნიცას საფეხბურთო აკადემიის მოედანზე მასპინძელ პოლონეთს თბილისის დროით 20:30 საათზე შეხვდება. ამავე დროს დაიწყება ჯგუფის მეორე შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს ირლანდია და მაკედონია დაუპირისპირდებიან.