21-27 მარტს, საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის მატჩები ელის, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს. საქართველოს გუნდის მეტოქეები არიან პოლონეთი, ირლანდია და მაკედონია.
ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე ორი ნაკრები გავა, რაც საქართველოს გუნდის შანსს ზრდის.
საქართველოს 17-წლამდელები ტურნირისთვის ემზადებიან. გიორგი ნემსაძის გუნდმა მორიგი შეკრება დაასრულა.
საქართველო ავსტრიას ამხანაგურად მეორედ შეხვდა და დამარცხდა. გუნდს ტრავმების გამო, ვერც მეორე შეხვედრაში დაეხმარნენ ცოტნე კაპანაძე, შოთა ნონიკაშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი და ზურიკო დავითაშვილი.
ავსტრიელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს, რასაც საქართველოს 17-წლამდელებმა გოლით უპასუხეს და დამარცხდნენ – 1:2.
საქართველო U-17: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, აზაროვი, მექვაბიშვილი, აბზიანიძე, შალიკაშვილი, დეკანოსიძე, კვარაცხელია, გულიაშვილი, ჩიხრაძე.
შეცვლაზე: აშორდია, წაქაძე, გაგუა, ბაქრაძე, ჯანგველაძე, გოგოლაძე.