17-წლამდე ქალთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურიც მოიგო
17-წლამდე ქალთა ნაკრებმა მეორე ამხანაგურიც მოიგო

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები ევროპის 2018-2019 წლების ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება, სადაც თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა.

ქართველი გოგონები მინსკში იმყოფებიან და მასპინძლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა მინსკის საფეხბურთო მანეჟში ბელარუსი თანატოლები კვლავ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს – 2:1.

პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად შეხვედრა ბელარუსების უპირატესობით მიმდინარეობდა და 36-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ქართველებმა შეძლეს თამაშის გაკონტროლება და 52-ე წუთზე, ნათელა წოწერიამ ანგარიში გაათანაბრა, 1:1. მეორე გოლი, ქართველმა გოგონებმა ზუსტად ხუთ წუთში გაიტანეს. გოლის ავტორი ლიზი მწყერაშვილი გახდა 1:2.

საქართველო – სვეტლანა გაბელაია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო გურიელიძე, ელენე რაუხი მეგი ეჯიბია, ანა წულაია, ნათია დანელია (კ) – ანა აკობიძე 46), მაიკო ბებია, ანასტასია ბოლქვაძე (მეგი გოცირიძე 82), ლიზი მწყერაშვილი (ქეთევან ცაავა 85), ნათელა წოწერია (მარიამ რომანჩუკი 88).

„პირველი შეხვედრის შემდეგ, ძალების აღსადგენად მხოლოდ, ერთი დღე გვქონდა. ბელარუსის ეს ასაკობრივი ნაკრები კი ამ ეტაპზე ფიზიკურად ჩვენზე კარგ კონდიციაშია. მიუხედავად ამისა, მადლობას ვუხდი ჩვენს ფეხბურთელებს თამაშის შემოტრიალებისთვის. ეს ორი თამაში, ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებლად ძალიან წაგვადგება, რადგან ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ გვაკლია. საერთო ჯამში, ბელარუსის შეკრებას დადებითად შევაფასებ. ამ გამარჯვებებით, გოგოებმა დაამტკიცეს, რომ კიდევ მეტი შეუძლიათ. ამავდროულად, ორი მოგებული თამაში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან კარგია“, – ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ჩვენი 17-წლამდე ნაკრები მცირედს შეისვენებს და 9 მარტიდან მომდევნო, ორი ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად კვლავ შეიკრიბება. საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრები 13 და 15 მარტს თბილისში, თენგიზ სულაქველიძის სახელობის აკადემიის მოედანზე აზერბაიჯანის 17-წლამდე ქალთა ნაკრებს ორჯერ დაუპირისპირდება.