1,62 მილიონი ლარი მომავალი თაობების გასაზრდელად - საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია დასრულდა
1,62 მილიონი ლარი მომავალი თაობების გასაზრდელად - საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია დასრულდა

ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაციის პროცესი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 94 ფეხბურთის სკოლა მონაწილეობდა, დასრულდა. სკოლებს სფფ-ს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი დოკუმენტაციისა და ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე 4 სხვადასხვა კატეგორია მიენიჭათ.

 

I კატეგორია ოთხმა საფეხბურთო აკადემიამ მიიღო, II კატეგორია – 12 სკოლამ, III კატეგორია, ფეხბურთის საბაზისო სკოლის სტატუსით 10 სკოლამ მიიღო, IV კატეგორია ე.ი ფეხბურთის წრის სტატუსი კი 68 სკოლამ.

 

პროექტის თანახმად, ფეხბურთის სკოლების კატეგორიზაცია საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას და სფფ-ის ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელებას ემსახურება. აგრეთვე, ახალგაზრდულ სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასებას და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლებას.

 

კატეგორიზაციის პროცესს წინ უძღოდა აღწერის პროექტი, რომლის დროსაც ფედერაციის მონიტორინგის სამსახურმა მთელი საქართველოს მასშტაბით პოტენციურ კანდიდატ სკოლებში ვიზიტით, ვითარება ადგილზე შეისწავლა და სკოლები აღწერა. შედეგების გაანალიზებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა სკოლების კატეგორიზაციის დებულებები, რომლებიც ძალაში შევიდა, სფფ-ის აღმასკომის მიერ 2018 წლის ივნისში დამტკიცების შემდეგ და ამოქმედდა 2-წლიანი საპილოტე ციკლი 2018-2019 წლებისთვის. 2020 წლიდან კი კატეგორიზაციის რეგულარული 3-წლიანი ციკლები დაიწყება.

აღნიშნული პროექტის ინიციატორია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ფინანსურ მხარდაჭერას ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებს.

„ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის სკოლების დაფინანსებას და მხარდაჭერას ემსახურება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. წლებია, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სხვადასხვა აქტივობებით, აქტიურად ვუჭერთ მხარს და ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას” – აცხადებს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

მისი თქმით, სკოლებისთვის კატეგორიების მინიჭების საფუძველზე ყველა რეგისტრირებულ სუბიექტს  განვითარების ფონდის მხრიდან დამატებითი ფინანსური დახმარება ექნება: „2018 წლის შემდეგ სკოლების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა გაიზარდა და წელს პროექტის ფარგლებში უკვე 1,62 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა შესაბამისად,  4 კატეგორიაში შემავალ 94 ფეხბურთის სკოლას გადაუნაწილდება. აღნიშნული თანხა მოხმარდება თავად სკოლების განვითარებას”

 

პროგრამული დაფინანსება განკუთვნილია საფეხბურთო სკოლების ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის განკუთვნილ ხარჯებს, სპორტული ინვენტარის შეძენას, მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებისა და ორგანიზების, სამედიცინო გამოკვლევებისა და მედიკამენტების ხარჯებს და სხვა საკითხებს, რაც გათვალისწინებულია სკოლების კატეგორიზაციის დებულებებში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის.