16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა და ევროჩელენჯერის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
02:25, 21.08.2021
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩელენჯერის მოსაგებად უნგრეთს დაუპირისპირდება. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ტურნირში ქართველებმა უნგრეთი ერთხელ უკვე დაამარცხეს. მადიარები ჩვენს ჯგუფში იყვნენ და ბოლო ტურის მატჩში ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა გუნდმა უნგრეთს 10 ქულის სხვაობით – 61:51 სძლია.
უნგრელებმა ნახევარფინალში პორტუგალიას 63:54 მოუგეს. საქართველომ კი ფინალში გასასვლელად უკრაინა დაამარცხა – 82:62.
უკრაინელებს ჰქონდათ უპირატესობა სიმაღლეში, მაგრამ საქართველოს ნაკრების წევრებმა ისე გონივრულად ითამაშეს, რომ მეტოქემ ეს კოზირი ვერაფერში გამოიყენა. ჩვენი გუნდი სტაბილურად თამაშობდა როგორც უკანა ხაზში, ისე ფარქვეშ. საჯარიმოში ხისტი დაცვა ხელს უშლიდა უკრაინელ მაღლებსსამწამიანშიგამაგრებულიყვნენ, შეტევაში კი ლუკა ალავიძე უნივერსალურად მოქმედებდა და თავად თუ ვერ უტევდა, გამოზომილი პასებით სასროლ პოზიციაზე გაჰყავდა თანაგუნდელები.
აღსანიშნავია, რომ ალავიძემ ოთხმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. ის ძალიან სარგებლიანი იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს: 21 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა და 7 ჩაჭრა. ალავიძესთან ერთად უკანა ხაზში კარგ ტანდემს ქმნიდა ნიკოლოზ აბულაძე, რომელიც პერიოდულად გამთამაშებლობას ითავსებდა.
ჩინებულად ითამაშეს ჩვენი ნაკრების მეფარეებმა – ლუკა ლომთაძემ და ანრი ბელთაძემ. ორივე ტანმაღალი კალათბურთელი მწვრთნელებმა სასტარტოში ათამაშეს და ამან გაამართლა. უკრაინელი მეფარეებისამწამიანში რომ ვერ გამაგრდნენ, სწორედ ამ ტანდემის დამსახურება გახლდათ. ლომთაძემ ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო ბელთაძემ – 11 ქულა და 8 მოხსნა. წინა და უკანა რგოლების შემაკავშირებელი იყო თენგო გოგიშვილი, რომელმაც კვლავ გამოავლინა ბომბარდირული თვისებები და თავი 19 ქულას მოუყარა.
სატიტულო შეხვედრა 21 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.