16-წლამდე ქალთა ნაკრებმა მზადება დაიწყო
საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“, არჩილ ჩხაბერიძის და საქართველოს ქალთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ 25-მა ქართველი გოგონამ, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, სამდღიანი შეკრება გაიარა.
შეკრების ბოლო დღეს ნაკრებმა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეორეადგილოსან ქუთაისის „მართვესთან“ითამაშა და 2:1 გაიმარჯვა. გამარჯვებულებიდან დუბლი მარიამ რომანჩუკმა გაიფორმა. საინტერესოა, რომ შეხვედრას ქართველ ქალ მსაჯთა ბრიგადა სჯიდა.
„16-წლამდეთა ნაკრების მთავარი დანიშნულებაა ეროვნული ნაკრებისთვის კარგი და განსწავლული ფეხბურთელების გაზრდაა. გოგონებიც და გუნდის სამწვრთნელო შტაბი მოტივირებულები ვართ, რომ ყველა ტურნირზე კარგად გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ. ახლა ვემზადებით უეფა-ს განვითარების ტურნირისთვის. ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრია, სადაც თავის გამოვლენის საშუალება ყველას მიეცემა. შემოდგომაზე გუნდი ევროპის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება და ვეცდებით, ეს დრო მაქსიმალურად და ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ჩვენათან, ქალთა ფეხბურთში, აქილევსის ქუსლი მეკარეები არიან. მთავარია, რომ გოგონები მონდომებულები არიან. სელექციის თვალსაზრისით კი, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ბევრი გოგონა ვნახოთ“, – ამბობს არჩილ ჩხაბერიძე:
საქართველოს 16-წლამდე ქალთა ნაკრები, 18 მარტს ლაგოდეხში შეიკრიბება, სადაც უეფა-ს განვითარების თასის ტურნირამდე ბოლო მოსამზადებელ ეტაპს გაივლის. 28 მარტს კი, ქართველი გოგონები მაკედონიაში გაემგზავრებიან, სადაც 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ევროპაში, ქალთა ფეხბურთის ლიდერი ქვეყნის ნორვეგიის, მასპინძელი მაკედონიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ.