16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. 2 წაგების შემდეგ გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები სომხეთს შეხვდა და 21 ქულით – 83:71 დაამარცხა.

თუმცა ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საქართველო ჯგუფიდან გასულიყო. გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო გადიოდა, რომელთა ვინაობაც უკვე საწყისი 2 ტურის შემდეგ გაირკვა. აზერბაიჯანმა და კვიპროსმა 2-2 მატჩი მოიგეს, საქართველომ და სომხეთმა კი – წააგეს. ჯგუფის ბოლო, მესამე ტურს პლეი ოფში გასვლის თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება, სომხეთთან მოგებას ამ მხრივ ფასი ნამდვილად ჰქონდა.

საქართველო ჯგუფებიდან ვერგასულ კიდევ 3 ნაკრებთან ერთად ბრძოლას მე-5 ადგილისთვის განაგრძობს. ჩვენი ნაკრები B ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ გიბრალტარს შეხვდება.

რაც შეეხება სომხეთთან გამარჯვებას, ჩვენს გუნდს 18 ქულით, 13 მოხსნით და 5 ჩაჭრით ნიცა საბადაშვილმა ულიდერა; ბომბარდირი 21 ქულით ანა მესტუმრიშვილი გახდა; 19 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი ელენე ნიგურიანის ანგარიშზეა.