16 ქულა „ბარსელონასთან“ - შერმადინის „ტენერიფე“ კატალონიელებთან სამქულიანი სხვაობით დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის საშინაო მატჩში ძალიან ახლოს იყო „ბარსელონას“ დამარცხებასთან. კუნძულელებმა უმთავრესად გიორგისა და მარსელინიო უერტასის კარგი თამაშის წყალობით მიაღწიეს იმას, რომ „ბარსას“ გამარჯვება ბოლო წამებამდე კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თუმცა გადამწყვეტ მომენტში კატალონიელებმა მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და 79:76 გაიმარჯვეს.
გიორგი შერმადინმა 24 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, ხოლო უერტასმა 26 წუთში 20 ქულას 8 პასი მიამატა. საბოლოოდ, „ტენერიფეს“ საიტმა მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც უერტასი დაასახელა.
„ბარსელონაში“ კი ყველაზე მეტი თურქეთის ნაკრების ცენტრმა, შანლიმ ჩააგდო.
„ტენერიფეს“ 25 ტურის შემდეგ 18 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.