16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის აღიარება - გიორგი ჭიაბრიშვილი მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილია – ასეთია ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის შეფასება.
სეზონის მსვლელობის დროს უამრავი სირთულის მიუხედავად, „დინამო თბილისის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ჭიაბრიშვილმა, 16-მატჩიანი დაუმარცხებელი სერიით, გუნდი საქართველოს ჩემპიონობამდე მიიყვანა.
43 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით „დინამომ“ 19 მატჩი ჩაატარა, მათგან 15 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, მხოლოდ ერთში დამარცხდა და შედეგად, საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემი: მე-20 ტურის შემდეგ თბილისური კლუბი პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის „დინამოს“ ცხრა ქულით ჩამორჩებოდა. საბოლოოდ კი, გუნდმა ბათუმელებს 3 ქულით გადაასწრო და ჩემპიონობა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილმა საქართველოს ჩემპიონობა მესამე გუნდთან ერთად იზეიმა – პირველად მან ტიტული „ზესტაფონის“ მწვრთნელის რანგში მოიგო, შემდეგ იყო „საბურთალოსა“ და ახლა უკვე თბილისის „დინამოში“ მოპოვებული პირველობა.