16 მაისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება
16 მაისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება

16 მაისს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების უფროსები ალიანსის ახალ შტაბ-ბინაში პირველად შეიკრიბებიან. შეხვედრას ნატო-ს უმაღლესი სამხედრო ორგანოს ხელმძღვანელი, გენერალი პეტრ პაველი გაუძღვება.

ნატო-ს სტრატეგიული საკითხების განხილვაში მონაწილეობას მიიღებს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემოლერი და ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი მიხეილ კოსტარაკოსი.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას, რომელიც გენერალური შტაბის უფროსების დონეზე შედგება, დღის მეორე ნახევარში ნატო-ს პარტნიორებიც შეუერთდებიან. დაგეგმილია შეხვედრა „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (Enhanced Opportunities Partner) ჯგუფთან, რომელშიც შედის საქართველო, შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანია. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრება. მაისში დაგეგმილი მსჯელობა წინ უსწრებს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს და​ ივლისში დაგეგმილ სამიტს.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გენერალური შტაბის უფროსების დონეზე წელიწადში ორჯერ იმართება. ნატოს 2014 წლის ნატო-ს უელსის სამიტზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად აღიარეს და სხვა ოთხ ქვეყანასთან (ავსტრალია, იორდანია, ფინეთი, შვედეთი) ერთად „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების“ (Enhanced Opportunity Partners) ჯგუფში მიიწვიეს, რომლის ფარგლებში საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობის გაფართოებული შესაძლებლობები მიიღო.