14 წლის ვუნდერკინდი „ლოკომოტივიდან“ - მან პენალტი მოედანზე შესვლიდან ორ წუთში მოიგერია [ვიდეო]
14 წლის ვუნდერკინდი „ლოკომოტივიდან“ - მან პენალტი მოედანზე შესვლიდან ორ წუთში მოიგერია [ვიდეო]

„ლოკომოტივის“ მეკარე სოსო კოპალიანმასაბურთალოსთან“ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში თერთმეტმეტრიანი მოიგერია – მან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი გულიაშვილის დარტყმა აიღო.

სოსო კოპალიანი თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეა. ამაში უცნაური და გამოსარჩევი არაფერი იქნებოდა, რომ არა ეს ფაქტი – ის ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, მაგრამ უკვე ეროვნული ლიგის გუნდის მეკარეა.

მან „საბურთალოსთან“ შეხვედრაში მოედანზე გამოსვლიდან 2 წუთში თერთმეტმეტრიანი მოიგერია – საჯარიმო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა დაარტყა.

კოპალიანი „ლოკომოტივში“ იანვარში ქუთაისის „ტორპედოდან“ დაიმატეს. კოპალიანი ეროვნული ლიგის რეკორდსმენია – 2019 წელს ის ლიგის ოფიციალურ მატჩში ქუთაისური კლუბის სამატჩო განაცხადში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ კოპალიანს მეკარეთა მწვრთნელი დავით მამარდაშვილი ავარჯიშებდა, რომელიც თავად საკმაოდ კარგი მეკარე იყო – ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ ითამაშა „ვიტ ჯორჯიაში“ და მის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ევროსარბიელზეც უთამაშია. ასევე გამოდიოდა თსუ-სა და „ბორჯომში“.

კარიერის შემდეგ კი მეკარეთა მწვრთნელი გახდა, მისი შვილი, გიორგი მამარდაშვილი კი „ლოკომოტივის“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მეკარეა და უეფა-მ 2020 წელს ევროპის 50 ყველაზე ნიჭიერ მოთამაშეთა შორის დაასახელა.

ფოტო: FC Locomotive Tbilisi