14-წლიანი პაუზის შემდეგ - ბათუმელებმა ახალ არენაზე პირველი მატჩი მოიგეს
ბათუმის „დინამომ“ ახალ სტადიონზე პირველი მატჩი გამართა – გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში გორის „დილას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მაყურებლის დასწრება აკრძალული იყო, თუმცა, რამდენიმე გულშემატკივარი ტრიბუნაზე მაინც მოხვდა და საყვარელ გუნდს ამხნევებდნენ. მასპინძლებს ანგარიშის გახსნა 41-ე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ჯაბა ჯიღაურის შესრულებული პენალტის დროს ბურთი მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა ხელებში აიღო.
68-ე წუთზე „დინამომ“ საწადელს მაინც მიაღწია – ვაგნერ გონსალვეშის მოწოდებული კუთხურის შემდეგ კარის წინ მეკარეს და მცველებს გიორგი მიქაბაძემ დაასწრო და „ბათუმი-არენის“ ისტორიაში პირველი გოლის ავტორი გახდა.
ახალ სტადიონზე პირველი წითელი კი ბათუმელთა ნახევარმცველმა ბენჯამინ ტეიდიმ დაიმსახურა, რომელსაც 78-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
გორელებმა შეუტიეს, მომენტები შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ 1:0 გაიმარჯვა, 29 ქულა დააგროვა და ლიდერ „დინამო თბილისთან” ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.