14-წლიანი მოლოდინის შემდეგ - დღეს ბათუმის სტადიონი გაიხსნება (ვიდეო)
დღეს, 20 საათზე, ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. მშენებლობა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, 2020 წლის აგვისტოში დასრულდა. სტადიონის ტევადობა 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.
ბათუმში სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს და მას შემდეგ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ისტორიული გუნდი, ბათუმის „დინამო“ საკუთარი სტადიონის გარეშე დარჩა. ბევრი დაპირების და გამართული ტენდერის მიუხედავად, მშენებლობა მხოლოდ 2017 წელს გადაწყდა და სწრაფად აშენდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო სტადიონის გახსნა ორჯერ ჩაიშალა. რადგან მატჩის გამართვა შეუძლებელი გამოდგა, ახალი სტადიონის გახსნას მხოლოდ 200 ადამიანი დაესწრება – აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები.
უახლოეს პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმის ახალ არენაზე ორი საერთაშორისო მატჩი დაგეგმა და განაცხადი უეფა-შიც გააგზავნა. სფფ-ს სურს, რომ ნოემბერში ბათუმის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთსა და ესტონეთს უმასპინძლოს, მაგრამ საამისოდ აუცილებელია, რომ სტადიონზე ტესტ-მატჩი გაიმართოს. ამის გამო, ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.