14-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიიდან გამარჯვებული ბრუნდება. გია მაჭარაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 2017 წლის რეგიონთა თასის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა, რომლისთვისაც მთელი ქვეყნის მასშტაბით 16 რეგიონის საფეხბურთო ნაკრები იბრძოდა.
2017 წლის თასის მფლობელი ფეხბურთის ფედერაციამ ბერლინში ამხანაგური შეხვედრების გასამართად გაუშვა – 14-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებთან სამი ამხანაგური მატჩი გამართეს და ეს სერია წარმატებით დაასრულეს.
7 მაისს, პატარა ქართველები ერთი წლით უფროსი ასაკის ბერლინის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდს შეხვდნენ და 5:3 მოუგეს. 9 მაისს ჩვენმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩი ბერლინის „ჰერტას“ აკადემიის ასევე ერთი წლით უფროსებთან ჩაატარეს და 4:2 სძლიეს. დღეს ნაკრები ბერლინის „იუნიონს“ დაუპირისპირდა და ისიც დაამარცხა 4:0.
ფიფა-ს მხარდაჭერით, პირველად „რეგიონთა თასი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წელს ჩაატარა და მაშინდელმა გამარჯვებულმაც გერმანიაში წარმატებით ითამაშა. ფეხბურთელებთან 20 მწვრთნელი მუშაობდა, რომელთაც გადამზადების კურსები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, ფიფა-ს მწვრთნელთა ინსტრუქტორმა, კიმ პაულსენმა ჩაუტარა.
2017 წლის გათამაშების ფინალი ლაგოდეხში, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისის გუნდმა იმერეთის რეგიონი 13:0 დაამარცხა და გამარჯვებულის ტიტულთან ერთად გერმანიის საგზური მოიპოვა. გერმანიაში ვიზიტის მთავარი მიზანია, ქართველმა ბავშვებმა გერმანელი თანატოლების გამოცდილება გაიზიარონ და უცხოეთში საკუთარი ძალები მოსინჯონ.