13 მაისის ფინალის უცნობი ისტორია - მატჩის შემდეგ კახი ასათიანი ტიროდა (ვიდეო)
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ 1981 წლის 13 მაისის უცნობი ისტორია გაიხსენა. დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ იენის „კარლ ცაისთან“ მოგებული ფინალური მატჩის (2:1) შემდეგ თბილისური გუნდის წევრებმა სატდიონზე გუნდური სურათი გადაიღეს, სადაც გუნდის უფროსი (მაშინდელი პრეზიდენტი) კახი ასათიანი არ ჩანს.
„სხვათა შორის, სურათზე, რომელიც დიუსელდორფში გადავიღეთ, კახი ასათიანი და ანზორ გაბიტაშვილი არ დგანან. ანზორმა ფინალის ბურთი მოიპარა და გასაგებია, შეეშინდა და ამიტომ არ დადგა. კახი ასათიანის ისტორია კი არავინ იცის. კახის რომ დაუძახეს, მოდიო, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და ტიროდა. ეს ისეთი დეტალია, ყველამ უნდა იცოდეს“ – განაცხადა ალექსანდერ ჩივაძემ.
ვოვა გუცაევი: „სხვათა შორის, კახი ძალიან დიდი პირვონება და ფეხბურთელი იყო. 1968–1970 წლებში სსრკ-ს ნაკრებში პირველი ფეხბურთელი იყო. ერთხელ თურქეთს შესარჩევი ეტაპის მატჩი გასვლაზე 3:0 მოუგეს და თურქულ გაზეთში წერილი ასეთი სათაურით გამოაქვეყნეს – „ასათიანი – თურქეთი 3:0“. ასეთი დიდი ფეხბურთელი იყო ჩვენი გუნდის უფროსი“.
კახი ასათიანი საკლუბო კარიერის განმავლობაში მხოლოდ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 218 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა.
1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ტურნირის,. „კარაველას თასის“ (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული გახდა, სადაც ფინალში თბილისელებმა ლისაბონის „ბენფიკა“ 3:1 დაამარცხეს.
საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების რიგებში ჩაატარა 16 მატჩი და გაიტანა 5 გოლი. საბჭოთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობდა 1968 წლის ევროპის და 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. პირველი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1987) და გუნდის უფროსი (1978–1982), საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე (1990), საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრი (1991–1992), საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე (1993–2000). მოგვიანებით, კერძო ბიზნესში გადავიდა. იკავებდა „აირზენას“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — კახი ასათიანს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
სრულად გადაცემა ნახეთ ბმულზე.