ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტული სამყარო ნელნელა ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ცდილობს. თბილისის „ლოკომოტივის” ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა საქართველოს პირველ არხთან იმაზე ისაუბრა თუ როგორ ვარჯიშობს გუნდი, რა შეზღუდვებია დარჩენილი და როდის მოიხსნება ისინი.
„ჩვენ თავიდან ვარჯიში თბილისში, „ლოკომოტივის” მოედანზე დავიწყეთ, მერე კი საგურამოს ბაზაზე გადავედით. აქამდე ფეხბურთელები სამ-სამ კაციანი ჯგუფებით ემზადებოდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში 10-10 კაციანი ჯგუფებით იტვირთებიან. სულ ოთხი ჯგუფია და მოთამაშეები „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზის ორ მოედანზე ვარჯიშობენ. ცხადია, ამ დროს სოციალური დისტანციას ყველა იცავს. ჯერ არ ვიცით, გუნდურ ვარჯიშებზე როდის გადავალთ. თუმცა, შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება და იმედია, სრულყოფილად მზადებას მალე შევძლებთ,“- განაცხადა საქართველოს პირველ არხთან გიორგი ყიფიანმა.
„ლოკომოტივის“ ტექნიკურმა დირექტორმა უსაფრთხოების ნორმებზეც ილაპარაკა: „ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ გუნდური ვარჯიშების დაწყებამდე და შემდეგ სეზონის განახლებამდე მოთამაშეების ტესტირება ორჯერ ჩატარდება და გუნდებს დაგვეხმარება. ცხადია, კლუბი უსაფრთხოების ნორმებს ისედაც იცავს. ფეხბურთელებს ვარჯიშამდე თერმოსკრინინგი უტარდებათ, ხოლო ყოველი ჯგუფის ვარჯიშის შემდეგ გასახდელებშის დეზინფექცია ტარდება, ბაზაზე არის დეზობარიერები და ა.შ. ჩვენ შესაბამისი სამსახურების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ“.
ეროვნულ ლიგაში სეზონი 11 მარტს შეწყდა და სფფ-ს გადაწყვეტილებით, 25 ივნისს განახლდება. მოასწრებენ გუნდები კარგად მომზადებას და დაკარგული დროის ანაზღაურებას? გიორგი ყიფიანმა საქართველოს პირველ არხის ამ კითხვასაც უპასუხა: „ჩვენ გვესმის, რომ პანდემიის შემდეგ იდეალური გამოსავალი არ იქნება. „ლოკომოტივმა“ ყველაზე ადრე დავიწყეთ მომზადება, რადგან წელს ევროპის ლიგაზე უნდა ვითამაშოთ. ამიტომ, ახლა მთავარია გუნდური ვარჯიშები დროულად განვაახლოთ. გუნდი 14-დღიან კარანტინს გაივლის. მერე რა სახის რეგულაციებიც დაწესდება, ეს ჯერ უცნობია, მაგრამ მალე გვეცოდინება“.