გრიზმანი არ აპირებს „ბარსელონას" დატოვებას და კონკურენციისთვის მზადაა
„ბარსელონას” ფორვარდი ანტუან გრიზმანი არ განიხილავს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდიდან წასვლის ვარიანტს.
იტყობინებიან, რომ ფრანგმა მყარად გადაწყვიტა კლუბში დარჩენა, თუნდაც კატალონელებმა ნეიმარი და ლაუტარო მარტინესი შეიძინონ. გრიზმანს კონკურენციის არ ეშინია და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას აპირებს.
დღეს, „ბარსელონაში” გრიზმანის გარდა, კიდევ ოთხი ფორვარდია – ლიონელ მესი, ლუის სუარესი, უსმან დემბელე და მარტინ ბრეიტუეიტი. ამ სიას შეიძლება დავუმატოთ შემტევი ანსუ ფატი.
ადრე წერდნენ იმის შესახებ, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ფინანსური სიტუაციის გამო, კატალონურმა კლუბმა, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს და ამასთან, ვერ შეძლოს ამ ზაფხულს ნეიმარისა და მარტინესის შეძენა.
ამ სეზონში 29 წლის გრიზმანმა 36 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.