კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ყველა მონაწილე ქვეყანამ დადო უკრაინის დახმარების პირობა, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნასა და განაღმვით სამუშაოებზე დაიხარჯება“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ და ეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოსთან შეათანხმონ.
მისივე თქმით, იმ პროგრამების რეალიზება, რომლებისთვისაც არის გამოყოფილი დაფინანსება, წელს და ასევე მომავალ წლებშიც იგეგმება.
დონორთა კონფერენციაში 26 ქვეყანა მონაწილეობდა. მათ შორის საფრანგეთი, გერმანია და აშშ. ასევე, საქართველო.
თავად დანიამ უკრაინის დასახმარებლად 110 მილიონი გამოყო. ისლანდია უკრაინელ გამნაღმველებს გაწვრთნის, ხოლო ნორვეგია უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაში ჩაერთვება დიდ ბრიტანეთთან ერთად.